სემეკ-მა „თელასი“ დააჯარიმა
სემეკ-მა „თელასი“ დააჯარიმა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5000 ლარით დააჯარიმა.

ამასთანავე, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სს „თელასს“ დაევალა შპს „ტორნადოსთვის“ კომპენსაციის სახით, მოთხოვნილი პარამეტრებით ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასურის 50 პროცენტის – 4 650 ლარის გადახდა.

კომისიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს შპს „ტორნადომ“ მიმართა სს „თელასს“ და მოითხოვა თბილისში მდებარე ობიექტის ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. სს „თელასმა“ მიიღო განაცხადი და მისი შესრულების ვალდებულება აიღო. მიუხედავად იმისა, რომ არ ფიქსირდებოდა ხელის შემშლელი გარემოებები, სს „თელასმა“ არ უზრუნველყო განსაზღვრულ ვადებში ობიექტისთვის მოთხოვნილი პარამეტრებით ელექტროენერგიის მიწოდება. თუმცა, „თელასმა“ სემეკ-ის ელექტრონულ ჟურნალში მიუთითა, რომ შპს „ტორნადოს“ მოთხოვნა ვადებში იყო შესრულებული.

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, „თელასს“ დაევალა შპს „ტორნადოსათვის“ კუთვნილი ობიექტის სიმძლავრის გაზრდის უზრუნველყოფა განსაზღვრულ ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ ვადა კვლავ დაირღვევა, კომპანიას შპს „ტორნადოსათვის“ კომპენსაციის სახით მიერთების საფასურის 100 პროცენტის გადახდა მოუწევს. ამასთანავე, მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, სს „თელასი“ 15 000 ლარით დაჯარიმდება.