საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „დიღომი ვილა გაზი“, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 15 000 ლარით დააჯარიმა.
სემეკ-ის ინფორმაციით, შპს „დიღომი ვილა გაზმა“ სხვა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის მომხმარებლები/აბონენტები თავის ქსელზე გადააერთა და კომისიის თანხმობის გარეშე მომხმარებელებს შეუწყვიტა ბუნებრივი გაზით მომარაგება. შემდგომ ეტაპზე კი ბუნებრივი გაზი ქსელში გაუშვა უსაფრთხოების ნორმებისა და წესებით დადგენილი სათანადო პროცედურების დაცვის გარეშე.
„სემეკ-ის მიერ შპს „დიღომი ვილა გაზს“ განემარტა, რომ საცალო მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა და მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უნდა აწარმოოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა სრული დაცვით“, – აღნიშნავენ სემეკ-ში.