საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებს 99 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.
კომისიამ მიმდინარე კვირაში ორი საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 182 საკითხი განიხილა. მათ უმეტესობა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს ეხებოდა.
კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს. კომისიის გადაწყვეტილებებით მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 99 122.17 ლარი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.