სემეკ-მა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმების მაქსიმალური ზღვრის 75 000 ლარიდან ნახევარ მილიონ ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს
სემეკ-მა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ენერგოკომპანიებისთვის ჯარიმების მაქსიმალური ზღვრის 75 000 ლარიდან ნახევარ მილიონ ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი მთავრობას უკვე გადაეგზავნა.
„ჯარიმების გაზრდაზე კომისიას არაერთხელ აქვს დაყენებული საკითხი საქართველოს პარლამენტის წინაშე და არსებობს კიდეც კანონპროექტი, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. მარეგულირებელი კომისია მიიჩნევს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური ჯარიმა 75 000 ლარი არ არის საკმარისი ზოგიერთი ტიპის სამართალდარღვევის პრევენციის ან შესაბამისი ადმინისტრაციულად დასჯის საკომპენსაციოდ. აქედან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ ჯარიმის მოცულობა უნდა გაიზარდოს 500 000 ლარამდე და მარეგულირებელ კომისიას უნდა მიენიჭოს მანდატი, რომ მან დაადგინოს დაჯარიმების წესი. აქედან გამომდინარე, მოვამზადეთ კანონპროექტი, მივაწოდეთ ეკონომიკის სამინისტროს, რათა მთავრობის მეშვეობით შევიდეს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად. იმ შემთხვევაში, თუ კანონით იქნება ჯარიმების გაზრდა განსაზღვრული, მარეგულირებელ კომისიას მომზადებული აქვს შესაბამისი წინადადებები, რა ტიპის სამართალდარღვევაზე რა მოცულობის ჯარიმები უნდა იყოს. ეს ყველაფერი დადგენილი და დამტკიცებული იქნება წესებით. აქედან გამომდინარე, როცა ძალიან მნიშვნელოვან დარღვევასთან, შესაძლოა, გვქონდეს საქმე, კომისიას ექნება უფლებამოსილება, გამოიყენოს მაქსიმალური ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით, თუმცა ეს არა ყოველთვის. კომისია ყოველთვის ცდილობს, სამართალდარღვევისას ადეკვატური ჯარიმა გამოიყენოს. ევროპაში ძალიან მაღალია, სხვათა შორის ,ჯარიმები, გაცილებით მაღალი, ვიდრე ჩვენ ვითხოვთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ, ჩვენთან არსებული ბრუნვების, გარემოს და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ეს მოცულობა, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ, არის ოპტიმალური“, – განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარემ.
შეკითხვაზე, რა შემთხვევაში დაეკისრება კომპანიას ნახევარი მილიონი ლარის სანქცია, დავით ნარმანია განმარტავს, რომ კომპანიის მხრიდან მასობრივად თუ ირღვევა მომხმარებელთა უფლებები ან არ სრულდება მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნები, მითითებები, ასეთ დროს სემეკ-ს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, კომპანიის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები გაატაროს.
„კომპანიას მარეგულირებელი კომისია როცა მიუთითებს, რომ მომხმარებლის უფლებები ირღვევა, რაღაც შემთხვევებში მასობრივად ერიცხება მომხმარებელს ზედმეტი თანხები და ამისთვის ცალკე გადაწყვეტილების მიღება, დაჯარიმება უწევს, როცა მომხმარებელთა დიდ კატეგორიას ეხება და წინასწარ არის განსაზღვრული ან მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნების, მითითებების შეუსრულებლობას აქვს ადგილი, ასეთ შემთხვევაში კომისიას უნდა ჰქონდეს მანდატი, გამოიყენოს უფრო მაღალი ჯარიმა, ვიდრე დღეს არის განსაზღვრული კანონმდებლობით“, – აღნიშნა ნარმანიამ.