საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ ენერგო-პრო ჯორჯია“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც სემეკ-ში განმარტეს, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევა, სემეკ-ისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
„სემეკ-ში შესული რამდენიმე კომპანიის მიმართვის საფუძველზე, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაევალა სოფელ სართიჭალაში ხარისხთან შეუსაბამო ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. სემეკ-ის წარმომადგენლების მიერ ადგილზე საკითხის შესწავლისას დაფიქსირდა, რომ გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმები უხეშად იყო დარღვეული, მათ შორის დაბალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელში არსებულ საყრდენებზე განთავსებული მრიცხველების კარადები არ იყო დაკეტილი და წვდომა შეეძლო ნებისმიერ პირს, რიგ შემთხვევებში დაზიანებული იყო კაბელების იზოლაცია და წარმოადგენდა საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის. ამასთან, საბავშვო მოედანთან განთავსებულ საყრდენზე მოწყობილი აღრიცხვის კარადები არ იყო დაკეტილი და შეინიშნებოდა შემავალი და გამავალი კაბელების იზოლაციის დაზიანებები.
სემეკ-მა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაავალა დარღვევების სრულად გამოსწორება. განსაზღვრულ ვადებში ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიამ სემეკ-ს აცნობა შესაბამისი სამუშაოების დასრულებისა და პრობლემის მოგვარების შესახებ, თუმცა სემეკ-ის მიერ ხელახალი გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სრულად არ ჰქონდა შესრულებული გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობასთან მოყვანის სამუშაოები. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, დარღვევების აღმოსაფხვრელად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატებით განესაზღვრა ვადა. კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე სემეკ-ში უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია სრულად შესრულებული სამუშაოების შესახებ“, – ნათქვამია სემეკ-ის მიერ გავრცეელბულ ინფორმაციაში.