სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტში ცვლილებები მომზადდა
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტში ცვლილებები მომზადდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რევაზ არველაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატმა ითხოვა, რომ კანონპროექტების განხილვა დაჩქარებული წესით მოხდეს.
„კომიტეტმა მოამზადა ცვლილებები ორ კანონპროექტში. თხოვნა იქნება, რომ დაჩქარებული წესით განვიხილოთ. დღეს ჩაბარდება საორგანიზაციო დეპარტამენტს და ასევე იურიდიული დეპარტამენტი ნახავს“, – განაცხადა არველაძემ.
ამასთან, როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, გუშინ სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის სხდომაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
„ნამდვილად იყო იქ იურიდიულად სადაო ეს საკითხი, ამიტომ კანონმდებლობაში ეს თემა უნდა გასწორდეს და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ მისაღებია ყველასათვის დაჩქარებული წესით განვიხილოთ ეს ინიციატივა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ბიურომ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას.
საქართველოს პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე გუშინ უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა კენჭისყრა გადაიდო, რადგან გაირკვა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურა წარედგინა.