სემეკ-ის დადგენილებით, პირველი ოქტომბრიდან თვითმმართველ ქალაქებში ყველა გაზგამანაწილებელი კომპანია ვალდებული იქნება, ახლად აშენებულ კორპუსში გაზის ჭკვიანი მრიცხველი დაამონტაჟოს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი დადგენილებით, 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან თვითმმართველ ქალაქებში, ყველა ახლადაშენებულ კორპუსში გაზგამანაწილებელი კომპანია ვალდებული იქნება გაზის ჭკვიანი მრიცხველი დაამონტაჟოს.
სემეკ-ის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, გაზის აღმრიცხველს აღარ ექნება კონტაქტი უშუალოდ აბონენტთან და არ მოუწევს მას საცხოვრებელ ბინაში შესვლა, როგორც ეს ძველი კორპუსების შემთხვევაშია.
„თვითმმართველ ქალაქებში მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა ახლად აშენებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, როცა ბინის მშენებლობა სრულდება და განაცხადი გაკეთდება გაზის შეყვანაზე, ყველა მრიცხველი იქნება ე.წ. ჭკვიანი მრიცხველი, რაც ნიშნავს, რომ გაზის აღმრიცხველს აღარ ექნება კონტაქტი აბონენტთან და არ მოუწევს საცხოვრებელ ბინაში შესვლა, როგორც ეს ძველი კორპუსების შემთხვევაშია. მეორე მხრივ, ეს პროცესი აღრიცხვა-ანგარიშგებას ამარტივებს. ერთი წლის შემდგომ ყველა სხვა მუნიციპალიტეტშიც ანალოგიურად სავალდებულო იქნება ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ჭკვიანი მრიცხველების დაყენება. ეს ყველაფერი შედის იმ აბონირების საფასურში, რომელსაცб სემეკი-ს დადგენილების მიხედვით, პირი გადაიხდის. რაც შეეხება ძველ მომხმარებლებს, ანუ მომხმარებლებს, რომლებიც არიან უკვე მიერთებული ქსელზე, ინდივიდუალურ მომხმარებლებს შეეძლებათ ასევე, სურვილის შემთხვევაში, დააყენონ ჭკვიანი მრიცხველი თავიანთ საცხოვრებელ სახლში. ამისთვის დამატებით უნდა მიმართონ გაზის შესაბამის დისტრიბუტორ კომპანიას და ისინი, სემეკ-ის წესების მიხედვით, ვალდებული არიან, მათ შეუცვალონ მრიცხველი. ფასში განსხვავება არ არის, ყველაფერი იმ საფასურში შედის, რაც სემეკ-ს აქვს დადგენილი. მომხმარებლისთვის კომფორტია, რომ არ მოუწევს გაზის აღმრიცხველთან უშუალო შეხება. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ჭკვიანი მრიცხველი მუდმივ რეჟიმში აღრიცხავს მოხმარებულ ბუნებრივ აირს, მომხმარებელს თავად შეეძლება, ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს გაზის მოხმარებას, აკონტროლოს, მართოს მისი გაზის მოხმარების პროფილი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ენერგოომბუდსმენმა, ნინო გულეიშვილმა აღნიშნა, რომ „ჭკვიანი მრიცხველების აღრიცხვის სისტემა ძალიან კარგად და დადებითად მოქმედებს აღრიცხვიანობის მოწესრიგებაზე“.
ნინო გულეიშვილის თქმით, მომხმარებელთა საჩივრების უმრავლესობა სწორედ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება.
„ჩვენს სამსახურში შემოსული განაცხადების თუ პრეტენზიების და, ზოგადად, მომხმარებელთა საჩივრების უმრავლესობა სწორედ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. ბუნებრივი გაზის სექტორში ეს განსაკუთრებულად მტკივნეული და შესამჩნევია, იმიტომ, რომ ხშირად მომხმარებლები მოგვმართავენ პრეტენზიებით, რომ კომპანიის წარმომადგენელი არ მიდის მრიცხველზე ჩვენების ასაღებად, ან მათ მიერ აღებული ჩვენებები არ ემთხვევა მომხმარებლის მიერ მოხმარებული გაზის ოდენობას, ან კომპანიის წარმომადგენელმა არასწორად განახორციელა დარიცხვა, ან მრიცხველი გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც მომხმარებელს დაერიცხა ზედმეტი გადასახადი, თუმცა უნდა ვარკვიოთ, იყო თუ არა რეალურად მრიცხველი დაზიანებული ან როდის დაზიანდა და მსგავსი ტიპის პრობლემები მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრია. ჭკვიანი მრიცხველების დაყენების შემთხვევაში, მსგავსი ტიპის პრობლემები ფაქტობრივად აღარ არის და ნულამდეა დაყვანილი მომართვიანობა, ვინაიდან ამ მრიცხველებს გააჩნია ძალიან ბევრი ფუნქცია, გარდა იმისა, რომ მოახდინონ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის აღრიცხვა, მათ აქვთ შესაძლებლობა, ელექტრონული კომუნიკაცია ჰქონდეთ მომხმარებელთან. ისინი თვითონ გადასცემენ მონაცემებს კომპანიას მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობისა და საფასურის შესახებ. ყოველ 24 საათში ერთხელ ხორციელდება მრიცხველის მიერ აღნიშნული მონაცემების კომპანიისთვის გადაცემა და ასევე, აბსოლუტურად დაცულია მრიცხველები არასანქცირებული ჩარევისაგან. აბსოლუტურად დაცულია იმისაგან, რომ მონაცემების სისწორე იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა ნინო გულეიშვილმა.
პირველ ეტაპზე, როგორც ელექტროენერგიის შემთხვევაში, გაზზეც ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში იქნება. ხოლო 2025 წლის პირველი ივლისიდან ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.
ამასთან, როგორც სემეკ-ში აღნიშნავენ, სურვილის შემთხვევაში, როგორც კერძო, ისე იურიდიულ პირს მიმართვის საფუძველზე შეუძლია, საკუთარ სახლში ჭკვიანი მრიცხველი დააყენოს, თუმცა ამისთვის მას გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.