სელიმ ჩაკირი - საქართველო გულისხმიერად დაგვთანხმდა, შეეთავაზებინა უსაფრთხო სივრცე ჩვენი თანამშრომლებისთვის, მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ ასეთ რთულ დროს დახმარება გაგვიწიეს
სელიმ ჩაკირი - საქართველო გულისხმიერად დაგვთანხმდა, შეეთავაზებინა უსაფრთხო სივრცე ჩვენი თანამშრომლებისთვის, მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ ასეთ რთულ დროს დახმარება გაგვიწიეს

საქართველოს ხელისუფლების დახმარებით და ასევე, სხვა ქვეყნების მთავრობების ხელშეწყობით, ჩვენ მოვახერხეთ ყველა ჩვენი თანამშრომელი ქაბულიდან უსაფრთხოდ გამოგვეყვანა, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, სელიმ ჩაკირმა განაცხადა.

„როგორც ჩვენმა დირექტორმა პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ სამადლობელ წერილში აღნიშნა, ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას ამ ძალიან რთულ საქმეში. საქართველო გულისხმიერად დაგვთანხმდა, შეეთავაზებინა დროებითი უსაფრთხო სივრცე ჩვენი თანამშრომლებისთვის, რაც რეალურად სიცოცხლეების გადარჩენას ნიშნავს, რადგან ჩვენ მოგვიწია ჩვენი თანამშრომლების ევაკუირება. როგორც იცით, სიტუაცია იქ ძალიან დაძაბულია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების დახმარებით და ასევე, იქ, ადგილზე, ავღანეთში, სხვა ქვეყნების მთავრობების ხელშეწყობით, ჩვენ მოვახერხეთ ყველა ჩვენი თანამშრომელი ქაბულიდან უსაფრთხოდ გამოგვეყვანა. ისინი ახლა აქ, სასტუმროში იმყოფებიან და ძალიან მადლობლები ვართ საქართველოს ხელისუფლების, რომ ასეთ რთულ დროს დახმარება გაგვიწიეს“, – განაცხადა სელიმ ჩაკირმა.

საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ჩართულია ავღანეთიდან ტრანზიტის ფუნქციის შესრულების საკითხში. კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებულ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე რეგიონული სატრანზიტო ჰაბი ჩამოყალიბდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატრანზიტო ჰაბის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. ასევე, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტალის ევაკუაციისას.