სებასტიან მოლინეუსი - თუ საქართველოს კორონავირუსთან დაკავშირებით ფინანსური დახმარება დასჭირდება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად
თუ საქართველოს კორონავირუსთან დაკავშირებით ფინანსური დახმარება დასჭირდება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხი და მსოფლიო ბანკის ახალი 102.7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
გადაცემის მსვლელობისას სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, რომ საქართველო ამჟამად მოწინავე რეფორმატორი ქვეყანაა და ახლა მთავარია, წარჩინებული მოსწრების ქვეყანაც გახდეს.
„ამ რეფორმებმა კონკრეტული შედეგები უნდა მოგვცეს. უკვე მოგვცა კიდეც შედეგები, რადგან საქართველო ბიზნესის კეთების მხრივ მეშვიდე ადგილზეა. ეს არ არის ადვილად მისაღწევი რამ. ეს ნიშნავს, რომ რეფორმები თანმიმდევრული იყო. რაც შეეხება მმართველობის ინდიკატორებს, საქართველო პირველი ექვსი ინდიკატორის მიხედვით პირველ ოცეულში შევიდა მსგავსი შემოსავლების ქვეყნებს შორის. ცხადია, ეს გარკვეულწილად ეკონომიკურ ზრდაში გადავა. თქვენ შეიძლება, გარკვეული უკმაყოფილება გაქვთ ხუთპროცენტიან ზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია, ძალიან ბევრი მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყანა დაგისახელოთ, რომელიც ასეთ ზრდას ინატრებდა“, – განაცხადა მოლინეუსმა.
დისკუსიის დროს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ისიც განმარტა, რომ კორონავირუსი სერიოზულ რისკებს უქმნის გლობალურ ეკონომიკას და გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. თუმცა, მისი თქმით, იმ 12 მილიარდი აშშ დოლარიდან, რაც მსოფლიო ბანკმა კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის მიზნით განვითარებად ქვეყნებს გამოუყო, დაფინანსებას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოც მიიღებს.
„კორონავირუსზე ვისაუბრეთ და ეს არის გამოწვევა ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ექნება უარყოფითი გავლენა [საქართველოზე], თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც, რადგან ის გავლენას ახდენს ტურიზმზე და ეკონომიკის სხვა სფეროებზე. მსოფლიო ბანკმა 12 მილიარდი გამოყო, რომ სხვადასხვა ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, საქართველოსთანაც ვითანამშრომლებთ. არ ვიცი, ამ ეტაპზე საქართველოს რამდენად სჭირდება ეს დაფინანსება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად“, – განუცხადა სებასტიან მოლინეუსმა „ბიზნესპარტნიორს“.