სებასტიან მოლინეუსი - საქართველოში ვნახეთ შესანიშნავი ეკონომიკური ზრდა, მომავალ წელს მოსალოდნელია რეცესია ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში, ამას გავლენა აქვს საქართველოზეც
ბოლო ორ წელიწადში ვნახეთ შესანიშნავი ეკონომიკური ზრდა და ვფიქრობ, წელს რვაპროცენტიანი ზრდა იქნება. მომავალ წელს გვექნება ძლიერი ეკონომიკური წინააღმდეგობა ყველა ჩვენგანს, მათ შორის საქართველოს, მოსალოდნელია რეცესია ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.
მოლინეუსმა აღნიშნულის შესახებ საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ძალიან დიდი პატივია ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაწყების ხელშეწყობა, რომელსაც აქ, საქართველოში ვავითარებთ. ეს ძლიერი პროგრამაა, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან ერთად, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ, ასევე ჩართულია საფრანგეთის განვითარების სააგენტო. რატომ არის ეს პროგრამა მნიშვნელოვანი? სამი მიზეზის გამო – ჩვენ გვაქვს ყველაზე დაბალი, ფაქტობრივად მეორე ყველაზე დაბალი ლიდერობის მაჩვენებელი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით საქართველოში. ჩვენ გვაქვს უმაღლესი ჯიბის ხარჯები რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბითაც და დავინახეთ, რომ სოციალური დაცვის სისტემა მოექცა ზეწოლის ქვეშ კოვიდპანდემიის დროს. ამის გათვალისწინებთ, ჩვენ განზრახული გვაქვს ყოვლისმომცველი პროგრამის დაწყება, რომელიც ნამდვილად გააუმჯობესებს ჯანდაცვის შედეგებს, განათლების შედეგებს და უფრო მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც გავლენას მოახდენს ღარიბ მოსახლეობას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს საერთო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალური გავლენა ექნება საქართველოში მოსახლეობის და ოჯახების ცხოვრებაზე“, – განაცხადა მოლინეუსმა.
სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონეა, თუმცა მეორე მხრივ, ჩანს, რომ არის მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობაც.
„ერთი მხრივ ჩვენ საქართველოში ვხედავთ უმუშევრობის მაღალ დონეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ბევრი კომპანია ჩამოდის და ითხოვენ მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს. ამჟამად ისინი აწყდებიან შრომითი ძალისა და კვალიფიკაციის ნაკლებობას საქართველოში. საჭიროა, რომ განათლების სისტემამ უზრუნველყოს მაღალი დონის უნარები, რომ დაკმაყოფილებული იყოს ის მოთხოვნები, რაც აქვს მომსახურების ინდუსტრიას და უმაღლესი განათლების დონეს. საჭიროა ტრენინგების გაუმჯობესება, უნდა შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რომ საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ საქართველოში დარჩენა, ვიდრე წავიდნენ საზღვარგარეთ. განვითარების მხრივ, არც ერთ სექტორს არ გამოვყოფდი, ეს ვრცელი სფეროა, მაგრამ საქართველოში ტურიზმი და სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი სექტორებია, რომელიც დიდი როლს თამაშობს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. ასევე, კარგი შესაძლებლობებია ფინანსურ სექტორში, სადაც შესაძლებელია იყოს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და კვალიფიციური სამუშაო ადგილები“, – განაცხადა მოლინეუსმა.
ამასთან, სებასტიან მოლინეუსმა ეკონომიკური ზრდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს საქართველოში რვაპროცენტიან ზრდას ელოდებიან. ასევე, მოლინეუსი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო წლებში საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი დასტაბილურდება.
„ბოლო ორ წელიწადში ჩვენ ვნახეთ შესანიშნავი ეკონომიკური ზრდა და ვფიქრობ, წელს რვაპროცენტიანი ზრდა იქნება. მომავალ წელს გვექნება ძლიერი ეკონომიკური წინააღმდეგობა ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მოსალოდნელია რეცესია ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ ველოდებით ეკონომიკურ გაუარესებას რუსეთში და სხვა ქვეყნებში. ეს გავლენას იქონიებს ღია ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკაზე, რომელიც დამოკიდებულია ვაჭრობაზე, ტურიზმზე და როდესაც საქართველოს მეზობელ ქვეყნების ეკონომიკები ზარალდება, ამას გავლენა აქვს საქართველოზეც. ინფლაცია ახლა გლობალური პრობლემაა. საქართველოში 10 პროცენტზე მეტია, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში. მჯერა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ინფლაციის შესამცირებლად. ვფიქრობ, მთავრობა სწორ სიგნალებს გზავნის. იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში ინფლაციის სტაბილურ კლებას ვნახავთ“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.