სებასტიან მოლინეუსი - საქართველოს მიერ წარსულში გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა დღეს შედეგებს მოგვიტანს
შოკის უპრეცედენტო ბუნებიდან გამომდინარე, რეაგირების ღონისძიებებიც უპრეცედენტო უნდა იყოს, თუმცა გრძელვადიანი მდგრადობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს. ამ კუთხით საქართველოს მიერ წარსულში გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა დღეს შედეგებს მოგვიტანს. სახელმწიფო ვალის შედარებით დაბალი დონე, მნიშვნელოვანი ფისკალური დეპოზიტები, რეზერვების დაგროვება შოკზე რეაგირების თვალსაზრისით ქვეყანას შედარებით კარგ პოზიციაში აყენებს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გავლენა განიხილეს როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ეკონომიკაზე.
გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის 2020 წლის ეკონომიკურ მიმოხილვაში წარმოდგენილი რამდენიმე საპროგნოზო სცენარის მიხედვით, წელს რეგიონსა და მათ შორის, საქართველოშიც მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნაა (მშპ) მოსალოდნელი.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოსაზრებით, არსებულ სიტუაციაში აუცილებელი ღონისძიებების დიდი ნაწილი საქართველომ უკვე განახორციელა. თუმცა, დამატებითი ზომების მიღება მომავალში აუცილებელი იქნება.
„საქართველომ ბევრი ღონისძიება უკვე განახორციელა. ეს შეიძლება, ნიშნავდეს მეტ საწოლს, ვენტილაციის მეტ სისტემას, პირადი დაცვის მეტ ინსტრუმენტს, უფრო მეტ ტესტს, სოციალურ დისტანციაზე შეზღუდვების გაგრძელებას და ა.შ. ეს უნდა იყოს უპირველესი პრიორიტეტი. მეორე პრიორიტეტის მიხედვით, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გაატარონ მთელი რიგი ღონისძიებები, რათა სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები მინიმუმამდე შემცირდეს, ყველაზე მოწყვლადი ფენის სოციალური დაცვის სისტემები უნდა გაძლიერდეს. მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, სამომხმარებლო ხარჯების ტვირთის შემსუბუქება უნდა მოხდეს საჯარო სერვისებზე წვდომის ამაღლების მიზნით. ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების, გაციფრულებისა და მობილური ფინანსების მეშვეობით შეიძლება, ადამიანებს ფულადი სახსრები და ტრანსფერები უფრო სწრაფად მიეწოდოს. და ბოლოს, მესამე პრიორიტეტია ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა, რაც აუცილებელი და აქტუალური გახდება შეკავების ღონისძიებების გაუქმების შემდეგ. ამ თვალსაზრისით აქცენტი კერძო სექტორზე და სამუშაო ადგილების დაცვაზე უნდა გაკეთდეს. მაგალითად, დასაშვებია ეს მოხდეს დროებითი ბიზნესსესხების, გადასახადების შემცირების, საგადასახადო დავალიანების გადავადების ან საქმიანობის სუბსიდირების გზით. საფინანსო სექტორის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა ბანკებს საშუალებას მისცემს, საიმედო მსესხებლებს შეღავათი გაუწიონ სესხების რესტრუქტურიზაციის, ვალის მომსახურების გადავადების ან სწრაფი სესხის მეშვეობით“, – განაცხადა მოლინეუსმა.
მისი განმარტებით, „კოვიდ-19“-მა უპრეცედენტო შოკი გამოიწვია და პასუხიც უპრეცედენტო უნდა იყოს.
„სიამოვნებით მინდა, აღვნიშნო, რომ ღონისძიებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა და კერძო სექტორი ახორციელებენ, ან რომლის განხორციელებაც იგეგმება, ძირითადად სწორია. სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ, შესაბამისი დარგობრივი პოლიტიკა გაატარონ შოკის ზემოქმედების შესარბილებლად. შოკის უპრეცედენტო ბუნებიდან გამომდინარე, რეაგირების ზომებიც უპრეცედენტო უნდა იყოს, თუმცა ამას გრძელვადიანი მდგრადობა არ უნდა შეეწიროს. ამ კუთხით საქართველოს მიერ წარსულში გატარებული გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა დღეს შედეგებს მოგვიტანს. სახელმწიფო ვალის შედარებით დაბალი დონე, მნიშვნელოვანი ფისკალური დეპოზიტები, ისევე, როგორც გარკვეული რეზერვების დაგროვება და ამ მიმართულებით პარტნიოროებთან ერთად მუშაობა შოკზე რეაგირების თვალსაზრისით ქვეყანას შედარებით კარგ პოზიციაში აყენებს“, – განუცხადა სებასტიან მოლინეუსმა „ბიზნესპარტნიორს“.