სებასტიან მოლინეუსი - საქართველო, როგორც რეგიონში, ისე გლობალურად, ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს
საქართველო, როგორც რეგიონში, ისე გლობალურად ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მოლინეუსმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება.
„ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. საუბრისას მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური რეფორმების პროგრამაზე. ძალიან მიხარია, რომ ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ საქართველოში მიმდინარესა თუ დაწყებულს. პირველი მათგანია ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი, სადაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ამზადებს მსხვილ და ვიტყოდი – გარდამქმნელ სარეფორმო პროგრამას, რომელიც გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მკურნალობასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები, რაც ქვეყნის ბევრ მოქალაქეს ძალიან ძვირი უჯდება. იგივე მოლოდინია საგანმანათლებლო სფეროში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, რომ პიზას საერთაშორისო რეიტინგში ქვეყანა დაწინაურდება და ადრეული სასკოლოდან საუნივერსიტეტო დონემდე სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება. მესამე მიმართულებაა სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რათა დაიხვეწოს მიზნობრიობა და დახმარება ისეთმა ოჯახებმა მიიღონ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მას, თან ბავშვებიანმა ოჯახებმა. ეს არის ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი. ჩვენი საუბრის პირველი მთავარი თემაც ეს გახლდათ“, – განაცხადა მოლინეუსმა.
სებასტიან მოლინეუსის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან განხილვის საკითხი იყო კორონავირუსი და მასზე რეაგირების ზომები.
„მეორე საკითხი იყო ახალ კორონავირუსზე რეაგირების ზომები, რათა მთავრობის მიერ განხორციელებული დადებითი ინიციატივები – მწვანე პასპორტები, ხანდაზმულებისთვის ფინანსური დანამატები – გაგრძელდეს და გაძლიერდეს მძლავრი საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით. ყოველივე ამის მიზანია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაცია. მესამე საკითხად განვიხილეთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი. რა რეფორმა უნდა განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის გასაზრდელად, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი? კიდევ რა რეფორმაა საჭირო მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად? აქ საუბარი მაქვს კონკრეტულად კლიმატის დღის წესრიგზე. და ბოლოს, რა არის საჭირო ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ციფრული ეკონომიკის უზრუნველსაყოფად საქართველოში? ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ ეხებოდა ლოგისტიკას. როდესაც საუბარია რეგიონალურ დაკავშირებადობაზე და ინტეგრაციაზე, საქართველო ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ასევე გლობალურად, რადგან ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია აქ, ამ რეგიონში“,- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.