სებასტიან მოლინეუსი - მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ მსოფლიო ბანკის კვლევაში ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა
სებასტიან მოლინეუსი - მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ მსოფლიო ბანკის კვლევაში ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა

მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ფინანსთა მინისტრთა ივანე მაჭავარიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ყველა ძირითად კრიტერიუმში აჩვენა პროგრესი და გაუმჯობესება.

„მმართველობის ინდიკატორებს ჩვენ განვიხილავთ როგორც კრიტიკულ თემას. ამით ვაფასებთ თუ როგორ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ იმართება ქვეყანა, როგორ ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორია ამ გადაწყვეტილებების მიღების ეკონომიკური ანალიზი და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებებმა მოქალაქეებზე, საზოგადოებისთვის სერვისების მიწოდებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებებით საქართველოს აქვს ძალიან კარგი შედეგი. საქართველო არის ნამდვილად ტოპ რეფორმატორი ქვეყანა გაუმჯობესებისა და რეიტინგების თვალსაზრისით. ესაა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული პროგრესული ნაბიჯები. ჩვენ გვეამაყება, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ამ რეფორმების გატარებაში. ამავდროულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ მეტის გაკეთება არის შესაძლებელი. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ ძირითადი მიმართულებების გაძლიერებაში როგორიცაა: პოლიტიკური სტაბილურობა, ძალადობის არარსებობა, მთავრობის ეფექტურობა, კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებულება,“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.