სებასტიან მოლინეუსი - მიხარია, რომ საქართველოში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ
ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მოლინეუსის თქმით, საქართველო როგორც რეგიონში, ისე გლობალურად ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და სებასტიან მოლინეუსმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის საკითხები მიმოიხილეს.
განსაკუთრებით გაესვა ხაზი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას.
პრემიერ-მინისტრმა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მთავრობასთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მსოფლიო ბანკის ჩართულობა დასაფასებელია. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის გამოყო ფინანსური სახსრები, რაც ჯამში 2,7 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, მსოფლიო ბანკის მიმდინარე პორტფელი კი 12 აქტიური საინვესტიციო პროექტისა და განვითარების პოლიტიკის ოპერაციებისგან შედგება, რომელთა საერთო ღირებულება 928 მილიონი აშშ დოლარია.
საუბრისას აღინიშნა, რომ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე ორიენტირებულმა პროექტებმა ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის ეტაპობრივი აღდგენის პროცესს დიდი სტიმული მისცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს, ამიტომ რეგიონული განვითარების პროექტები მთავრობის დღის წესრიგში პრიორიტეტულია, ამ კუთხით კი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. საუბრისას მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური რეფორმების პროგრამაზე. ძალიან მიხარია, რომ ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ საქართველოში მიმდინარესა თუ დაწყებულს. პირველი მათგანია ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი, სადაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ამზადებს მსხვილ და ვიტყოდი – გარდამქმნელ სარეფორმო პროგრამას, რომელიც გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მკურნალობასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები, რაც ქვეყნის ბევრ მოქალაქეს ძალიან ძვირი უჯდება. იგივე მოლოდინია საგანმანათლებლო სფეროში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, რომ პიზას (PISA) საერთაშორისო რეიტინგში ქვეყანა დაწინაურდება და ადრეული სასკოლოდან საუნივერსიტეტო დონემდე სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება. მესამე მიმართულებაა სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რათა დაიხვეწოს მიზნობრიობა და დახმარება ისეთმა ოჯახებმა მიიღონ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მას – თან ბავშვებიანმა ოჯახებმა. ეს არის ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი. ჩვენი საუბრის პირველი მთავარი თემაც ეს გახლდათ. მეორე საკითხი იყო ახალ კორონავირუსზე რეაგირების ზომები, რათა მთავრობის მიერ განხორციელებული დადებითი ინიციატივები – მწვანე პასპორტები, ხანდაზმულებისთვის ფინანსური დანამატები – გაგრძელდეს და გაძლიერდეს მძლავრი საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით. ყოველივე ამის მიზანია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაცია. მესამე საკითხად განვიხილეთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი. რა რეფორმა უნდა განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის გასაზრდელად, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი. კიდევ რა რეფორმაა საჭირო მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად, აქ საუბარი მაქვს კონკრეტულად კლიმატის დღის წესრიგზე. და ბოლოს, რა არის საჭირო ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ციფრული ეკონომიკის უზრუნველსაყოფად საქართველოში.
ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ, ეხებოდა ლოგისტიკას. როდესაც საუბარია რეგიონალურ დაკავშირებადობაზე და ინტეგრაციაზე, საქართველო ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ასევე გლობალურად, რადგან ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია აქ, ამ რეგიონში“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.