სებასტიან მოლინეუსი - დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ძლიერი პარტნიორობით გავუძლებთ და დავძლევთ მიმდინარე ეკონომიკურ შოკს
ცხადია, რომ უკრაინაში ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკი, ისევე როგორც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მსოფლიოზე, მაგრამ ეს ზემოქმედება განსაკუთრებით არაპროპორციულად საგრძნობია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.
„საქართველოსთვის ჩვენ თავიდან ვვარაუდობდით ეკონომიკურ ზრდას 5.5 პროცენტით. ახლა ქვეყნის ზრდის პროგნოზს ვცვლით კლების მიმართულებით და მიუხედავად იმისა, რომ ის პოზიტიური რჩება, მოსალოდნელია ზრდის არსებითი ვარდნა დაახლოებით 2.5 პროცენტამდე. პროგნოზის დაღმავალი კორექტირების ძირითადი არხები არის უმთავრესად ვაჭრობა, როგორც იმპორტის ისე ექსპორტის სახით, სადაც რუსეთი აგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას; ჩვენ ვხედავთ ამას ტურიზმშიც – ბევრი ტურისტი რუსეთიდანაა; დამატებით იგივე ეხება ასევე ფულად გზავნილებს და მაშინაც კი, თუ გზავნილები მთლიანი შიდა პროდუქტის მცირე პროცენტული წილი იქნება, ის არაპროპორციულ გავლენას იქონიებს ღარიბ მოსახლეობაზე. დაბოლოს, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ზემოქმედება ძირითადად ენერგორესურსებზე და ასევე სურსათზე, კერძოდ ხორბალზე მაღალი ფასებიდან გამომდინარე. ამდენად, რა თქმა უნდა, ვხედავთ ზემოქმედებას საქართველოში.
მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო კარგ პოზიციაში იმყოფება კრიზისის სამართავად ძირითადად გონივრული ბუფერების გამო. მაკროსაფინანსო ჩარჩო საიმედოა და საბანკო სექტორი ამ განახლებულ კრიზისში მთლიანობაში ძლიერი და სტაბილურია. ამიტომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ საერთაშორისო პარტნიორების, მაგალითად მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია კრიზისი ერთობლივად გადავიტანოთ“,- აღნიშნა მოლინეუსმა.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოს რეკომენდაციები გაუზიარა.
„რეკომენდაციების თვალსაზრისით, რამდენიმე მოკლევადიანი და გრძელვადიანი რეკომენდაცია შემიძლია გაგიზიაროთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს მომავალში. მოკლევადიან პერიოდში, ჩვენ გვჭირდება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამისთვის უნდა გავაგრძელოთ ინფლაციის ტარგეტირების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეჟიმის განხორციელება, რაც მეტად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ფისკალურმა რეაქციამ არ უნდა დაკარგოს ფისკალური მდგრადობის ხედვა და უნდა უზრუნველვყოთ საქართველოს დაბრუნება თავის ფისკალურ წესრიგზე, რამაც ქვეყანას კარგი სამსახური გაუწია გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. ამდენად ეს უპირველესია.
სოციალური დაცვის სისტემა ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია რეაგირების ღონისძიებების თვალსაზრისით. ამავე დროს, საჭიროა რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების ფორმულა რეალურად დაიხვეწოს, რომ ის ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის, ვინც რეალურად საჭიროებს მას.
და მესამე, საჭიროა ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება იმ ქვეყნებთან, რომლებზეც კრიზისმა ნაკლებად იქონია გავლენა და ასევე ფირმების დახმარება, რომ მათ განახორციელონ მიმდინარე საექსპორტო ბაზრებიდან, მაგალითად რუსეთიდან, რეორიენტაცია ახალ ბაზრებზე, იქნება ეს ევროკავშირში, თურქეთში, ცენტრალურ აზიასა თუ სხვა რეგიონებში.
საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ვხედავთ: პირველი, შუალედური დერეფანი გაზრდის ევროპის და ჩინეთის დაკავშირების მნიშვნელობას ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს საშუალებით და ჩვენ უკვე ვხედავთ ვაჭრობის ზრდას. ამდენად, ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის ღირებულების ჯაჭვების შემდგომი გაუმჯობესება უნდა განხორციელდეს. ჩვენ ასევე ვხედავთ ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტებს, სადაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება, მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურების კუთხით და ასევე ალტერნატიული ენერგიის წყაროების მიმართულებითაც. და ეს არის ის, რასაც ჩვენ მსოფლიო ბანკში განვიხილავთ და ყურადღებით შევისწავლით.
დაბოლოს, აბსოლუტურად კრიტიკული მნიშვნელობისაა ყურადღება არ მოვაკლოთ გრძელვადიანი სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლის მოსამზადებლად. ჩვენ გვჭირდება პროდუქტიულობის ამაღლება ეკონომიკის ყველა სექტორში, კონკურენციის ზრდა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში. და ისევ მინდა აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვარ, ძლიერი პარტნიორობით და თანამშრომლობით მსოფლიო ბანკსა და ქვეყნის მთავრობას შორის, ჩვენ გავუძლებთ და დავძლევთ მიმდინარე შოკსაც“,- განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.