სებასტიან მოლინეუსი - ბავშვები სკოლაში 12 წელს ატარებენ, ადამიანური კაპიტალის ინდექსის მიხედვით, შედეგი ისეთია, თითქოს რვა წელზე ცოტა მეტი გაატარეს, ეს ნიშნავს, რომ გაუმჯობესების საშუალება დიდია
საქართველოში ბავშვები სკოლაში 12 წელს ატარებენ, მაგრამ სინამდვილეში, ადამიანური კაპიტალის ინდექსში ვხედავთ, რომ მათი შედეგი ისეთია, თითქოს სკოლაში რვა წელზე ცოტა მეტი გაატარეს. ეს ნიშნავს, რომ გაუმჯობესების დიდი საშუალება არსებობს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.
მოლინეუსმა ახალ პროექტზე – „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ისაუბრა, რომელიც საქართველოში განხორციელდება. მისი თქმით, პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თითოეული კომპონენტი განმარტა.
„პირველი კომპონენტია განათლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. ადამიანური კაპიტალის ინდექსში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ბავშვები სკოლაში 12 წელს ატარებენ, მაგრამ სინამდვილეში, მათი შედეგი ისეთია, თითქოს სკოლაში რვა წელზე ცოტა მეტი გაუტარებიათ. ეს ნიშნავს, რომ გაუმჯობესების დიდი საშუალებაა. მეორე კომპონენტი არის ფოკუსირება კადრებზე და მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე – ჩვენი გამოცდილებიდან სკოლებში, ყველამ ვიცით, რომ განათლებაში რაც არ უნდა კარგი სისტემა გქონდეს, თუ კადრები არ გყავს შესაბამისი, განათლების ხარისხი სათანადო ვერ იქნება. ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს განათლებაზე გამოყოფს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანურ რესურსებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მესამე კომპონენტია ინფრასტრუქტურა – ვნახეთ სკოლები, განსაკუთრებით რაიონებში, სადაც გათბობა შეშის ღუმელების მეშვეობით არის. სწავლისთვის გარემო კარგი და კომფორტული უნდა იყოს. ამიტომ მესამე კომპონენტში ჩვენი მიზანია სკოლებში გათბობის საკითხის მოწესრიგება და მეორეს მხრივ კი, ინოვაციები. კომპიუტერებისა და ტაბლეტების შეტანა, რომ ბავშვებს თანამედროვე საშუალებები ჰქონდეთ, რაც სწავლის შედეგებს გააუმჯობესებს“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
ახალი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ პრეზენტაცია დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. მსოფლიო ბანკის 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით, ადამიანური კაპიტალის განვითარებას. მსოფლიო ბანკისა და მთავრობის ახალი პროექტის ფარგლებში, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია ხუთი ახალი სკოლის მშენებლობა და 60-მდე სკოლის რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება სკოლისთვის მოსამზადებლად ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვა. წინასწარი გათვლებით მთლიანობაში პროექტი სარგებელს სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაახლოებით 116 000 მოსწავლეს მოუტანს.
პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაქვემდებარება; სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის და მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება