სებასტიან კურცი - ოფიციალური ვენა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გამოიყენებს
სებასტიან კურცი - ოფიციალური ვენა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გამოიყენებს

ოფიციალური ვენა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას გამოიყენებს, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კანცლერმა აღნიშნა, რომ ავსტრია ბრიუსელის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარს უჭერს. თუმცა ამასთან ერთად, ინტენსიური დიალოგის წყალობით ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი აქვს.

„განსაკუთრებით იმედი გვაქვს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში პოზიტიური ცვლილებები მოხდება მინსკის შეთანხმების საფუძველზე. ამის შემდეგ კი ჩვენ სანქციების ეტაპობრივად გაუქმებაც შეგვეძლება“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

ავსტრიის კანცლერთან შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტი ქვეყნის პირველმა პირმა, ალექსანდრ ვან დერ ბელენმა მიიღო, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ავსტრიას რუსული გაზი სჭირდება და „ჩრდილოეთის ნაკად 2-ს“ მხარს უჭერს.

ვლადიმერ პუტინის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ და ავსტრიულმა ენერგო-კონცერნმა OMV-მა კონტრაქტის ვადა 2040 წლამდე გაახანგრძლივეს. დოკუმენტი ავსტრიის რუსული გაზით მომარაგებას ითვალისწინებს.