სებასტიან ფიშერი - გერმანია იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდება
გერმანია იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა.
ფიშერის კომენტარებს სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე. თუმცა ამისთვის საქართველოს მთავრობა უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას, რომელიც მან დატოვა. ყველა კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები და ისინი არ შემსუბუქდება, ეს მოიცავს საქართველოსაც. ეს ასევე ნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები უნდა იქნეს გამოძიებული“, – განაცხადა სებასტიან ფიშერმა.
გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, გერმანია დაელოდება საერთაშორისო დამკვირვებლების საბოლოო ანგარიშს დასკვნითი გადაწყვეტილების მიღებამდე.
„თავად არჩევნები აღწერილია, როგორც ძირითადად მოწესრიგებული, თუმცა იყო მნიშვნელოვანი დარღვევები შეცდომებთან, ზეგავლენასთან, დაშინებასთან და ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით. ასევე ნათქვამია, რომ იყო ორმაგი ხმის მიცემის და საარჩევნო უბნებზე ძალადობის შემთხვევები. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობით გამოწვეული ნეგატიური გარემო: გამჭვირვალობის აქტი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანონმდებლობა, გენდერული კვოტების გაუქმება და მმართველი პარტიის მუქარა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ ზომების მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ამ დარღვევებს და ვუერთდებით საერთაშორისო ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას აღნიშნული დარღვევების სრული გამოძიების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
სებასტიან ფიშერმა ასევე ისაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტზე.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნების ყველა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, თავად შეუძლია, გადაწყვიტოს, სად გაემგზავროს. ის ასეც იქცევა, თუმცა ასევე ნათელია, რომ ის მოგზაურობს ეროვნული სტატუსით და აშკარად არ საუბრობს ევროკავშირის სახელით“, – თქვა ფიშერმა.