სებ-ი - საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებად დარეგისტრირება ფულადი გზავნილების განმხორციელებელ კერძო პირებს არ ეხებათ
„საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში შესული ცვლილება, რომლის თანახმად, ფულადი გზავნილების განმხორციელებელი პირები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებად უნდა დარეგისტრირდნენ, არ ეხებათ მომხმარებლებს, რომლებიც ახორციელებენ ფულადი გზავნილების მიღებას ან გაგზავნას.
როგორც პირველ არხს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, აღნიშნული ცვლილება ეხება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულ იმ ინდმეწარმეებს და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ ფულადი გზავნილების მომსახურების უფლებამოსილება.
„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეხება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულ იმ ინდმეწარმეებს და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვთ ფულადი გზავნილების მომსახურების უფლებამოსილება. აღნიშნული ცვლილება არ ეხებათ უშუალოდ მომხმარებლებს, რომლებიც ახორციელებენ ფულადი გზავნილების მიღებას ან გაგზავნას“, – განაცხადეს ეროვნულ ბანკში.
შეგახსენებთ, რომ კანონში შესული ცვლილების თანახმად, აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულ ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში, 2018 წლის 12 ივლისამდე უნდა უზრუნველყონ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად დარეგისტრირება ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან (მათ შორის, კომერციულ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან) საგადახდო მომსახურების აგენტის ხელშეკრულების გაფორმება.