საზოგადოებრივმა პლატფორმამ, „დაიცავი მშვიდობა“ პროკურატურას აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა
საზოგადოებრივმა პლატფორმამ, „დაიცავი მშვიდობა“ პროკურატურას აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა

საზოგადოებრივმა პლატფორმამ, „დაიცავი მშვიდობა“ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და დამნაშავე პირების გამოკვეთის მიზნით გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

როგორც ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, ლევან მამალაძემ აღნიშნა, აგვისტოს ომის დროს ქვეყნის მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის მიმართულებით უნდა დაიწყოს.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიტანეთ განცხადება 2008 წლის ომში საქართველოს დამარცხების მიზეზების გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამაზე გამოძიებას პასუხი არ მიუღია. დღეს რაღაც გაუგებარ დანაშაულზე ედავებიან და არა იმ დანაშაულზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რამაც ჩვენი დამარცხება, ქვეყნის ოკუპაცია გამოიწვია. შესასწავლია, რა გარიგება ჰქონდა სააკაშვილს პირადად პუტინთან, სააკაშვილის რეჟიმს – რუსეთთან და რა მიიღო საქართველომ, როგორ მოხდა, რომ დამარცხებულმა ქვეყანამ ოკუპანტს გადასცა სტრატეგიული ობიექტები და გამოყოფილი მილიარდობით დახმარება მიითვისა, რომელიც უნდა მოხმარებოდა დევნილ მოსახლეობას. აი, ეს კომპლექსია მთლიანად, რომელიც უკავშირდება შეიარაღების გადაცემას, ჩუქებას რუსებისთვის. ეს მთელი კომპლექსი უნდა იყოს გამოძიებული, რადგან იკვეთება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მაშინდელი მხედართმთავრის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან“, – განაცხადა მამალაძემ.