საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ხვალიდან ახალი მარშრუტები ემატება. 12-მეტრიანი ავტობუსები და მიკროავტობუსები კრწანისის რაიონის მოსახლეობას მოემსახურება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, N345 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგ მარშრუტზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსი – კ.აფხაზის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – ი.ჭავჭავაძის გამზირი – ბაგებში არსებული სტუდქალაქი; საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N346 გადაადგილდება: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი მე-19 კორპუსიდან – ვარკეთილის მიმართულებით, „ჰუალინგის“ დასახლებამდე.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ქვემო ფონიჭალაში ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ: საუბნო მარშრუტი N409 მოძრაობას ფონიჭალიდან დაიწყებს და რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსთან დაასრულებს; N410 მიკროავტობუსი გადაადგილდება თავისუფლების ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსამდე; საუბნო მარშრუტი N411 მცხეთელის ქუჩიდან რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსამდე იმოძრავებს. აღსანიშნავია, რომ მიკროავტობუსები ძირითადი საქალაქო საავტობუსე ხაზის მკვებავ მარშრუტებს წარმოადგენენ. ისინი მგზავრებს სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარებიან.