საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს ათი კანდიდატი წარუდგინა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ პარლამენტისთვის წარსადგენად მეურვეობის ათი კანდიდატი შეარჩია. გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა კენჭისყრის შედეგად მიიღეს.
პარლამენტს წარედგინება მეურვეობის შემდეგი კანდიდატები: მარინა გიორგაძე, არინა თავაქარაშვილი, გიორგი იასაშვილი, ბელა კოპალიანი, ვასილ მაღლაფერიძე, ალექსი ნონიაძე, ლაშა ტუღუში, ლია შავგულიძე, დონარა შონავა, ზაზა ხუციშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ დღეს სამეურვეო საბჭოს წევრობის 11 კანდიდატს მოუსმინა. საკონკურსო კომისიის წინაშე წარდგნენ: მარინა გიორგაძე, არინა თავაქარაშვილი, გიორგი იასაშვილი, ბელა კოპალიანი, ვასილ მაღლაფერიძე, ალექსი ნონიაძე, ლაშა ტუღუში, ლია შავგულიძე, დონარა შონავა, გიორგი ჭანტურია, ზაზა ხუციშვილი.
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა, ხოლო 30 მარტს საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეა რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე. კომისიის წევრები არიან: მაკო ჯაოშვილი − მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი; მიხეილ ჯავახიშვილი − მუსიკოსი, თბილისის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი; ეკა მელქაძე − ჟურნალისტი; ნინო მეუნარგია − ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ წამყვანი; ერმილე მესხია − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; გიორგი იმედაშვილი − საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი; გიორგი დავითური − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი; მარიამ გოგოსაშვილი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
კანონმდებლობის თანახმად, საკონკურსო კომისია, კანდიდატთა შერჩევის შემდეგ, წარადგენს თითოეულ ვაკანტურ ადგილზე სულ მცირე სამჯერ მეტ კანდიდატურას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ცხრა წევრისგან შედგება. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს ექვსი წლისა. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება ორ წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება, აირჩეს მეურვედ ერთ ვადაზე მეტი ხნით.