საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ღია კონკურსი გამოაცხადა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე ღია კონკურსი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის ცნობით, მსურველებმა განაცხადები 2019 წლის 23 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-7 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად:
1. გამოცხადდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის ერთი კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი.
2. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა ხუთი წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
3. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილ იქნეს 2019 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.
4. მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადების შეტანა მოხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].
5. მეურვეობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: ა) კანდიდატის CV; ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი; გ) კანდიდატის მიერ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, სულ ცოტა ხუთი წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში; ე) საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია.
6. ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 2019 წლის 8 თებერვალს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა შათირიშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 24 დეკემბერს მიმართა. ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.