საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე და საბჭოს წევრები იზაბელა ოსიპოვა, ზაზა აბაშიძე და ბესიკ ლილუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეების ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს, მიმდინარე გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.
კარლ ჰარცელმა ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელოვან როლზე და ამავდროულად, მხარი დაუჭირა სამეურვეო საბჭოს ინსტიტუტის გაძლიერებას, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუციურ ორგანოს. ამ კუთხით დაიგეგმა კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობა, რაც ევროკავშირის ჩართულობით, სამეურვეო საბჭოსთვის სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას გულისხმობს.
ელჩმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერასთან ერთად, სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა.