საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არასამთავრობოებს 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტი გააცნო
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არასამთავრობოებს 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტი გააცნო

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციებს 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტი გააცნო და მათი შენიშვნები მოისმინა.

შეხვედრაზე არასამთავრობოების მხრიდან ზოგიერთი ინიციატივის დაყენებას კამათი მოჰყვა. შეხვედრაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ პროგრამული პრიორიტეტების შინაარსობრივ პრიორიტეტებში ჩაემატოს რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და სხვა უმცირესობების ჩამონათვალი, რაც გააპროტესტეს სხვა არასამთავრობოების წარმომადგენლებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ჯგუფების უფლებები ქვეყანაში არ ირღვევა.

„მართალია, ადამიანის უფლებები არის უნივერსალური და მოიაზრებს ყველა ინდივიდის დაცვას, თუმცა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, სოციალური კონტექსტიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველაზე დაჩაგრული ჯგუფები იყვნენ მოხსენიებული ამ ჩამონათვალში. ესენი არიან – რელიგიური, ეთნიკური უმცირესობები, მიგრანტები, რომლებიც განიცდიან კანის ფერის გამო რასობრივ დისკრიმინაციას, ლგბტ თემის წევრები. ეს რა თქმა უნდა, არ არის ამომწურავი ჩამონათვალი, თუმცა იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია, ეს ჯგუფები ჩამონათვალში უნდა იყვნენ”, – განაცხადა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ეკა ჭითანავამ.

ამავე აზრს იზიარებს სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე.

„დღეს ამ ადამიანების უფლებები ყველაზე მეტად არის დარღვეული და მათი განსაკუთრებული გამოყოფა, მათზე ყურადღების გამახვილება საჭიროა. ტელევიზიამ, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა საგანმანათლებლო მედიაპროდუქტის წარმოება, სწორედ ამ მიმართულებით თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ამ ჯგუფებზე საზოგადოებრივმა ტელევიზიამ უნდა მოამზადოს გადაცემები“, – ამბობს ნინია კაკაბაძე.

ნინია კაკაბაძის მოსაზრებას არ ეთანხმება სამეურვეო საბჭოს უმრავლესობა.

„ეს ადამიანები შეხვედრაზე სწორედ ამ ჩამონათვალის გამო იყვნენ მოსულები. მე ვერ გავიგე, სხვა ყველაფერი მისაღები იყო თუ ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ეს არის პრობლემა და მხოლოდ ამ პრობლემას უნდა მიაქციოს ყურადღება საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ყველა მოქალაქე ამ ქვეყანაში კანონის წინაშე არის თანასწორი და აქედან გამომდინარე, როგორც წერია პრიორიტეტებში, ადამიანის უფლებების დარღვევა უნდა გაშუქდეს, უნდა შეიქმნას მედიაპროდუქტი. ვიღაცას არ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. ლგბტ არის აბრევიატურა და ოთხ დაჯგუფებას აღნიშნავს. დაჯგუფება უამრავია. ესენი არიან უმცირესობის უმრავლესობა. ხომ არსებობს უმცირესობაში უმცირესობა. ამიტომაც მე ვარ ჩამონათვალისა და დეტალიზების წინააღმდეგი”, – განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრმა გია იაკობაშვილმა.

შეხვედრაზე კითხვები დაისვა იმ კვლევებთან დაკავშირებითაც, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა პროგრამული პრიორიტეტები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ეჭვობს, რომ ახალი პროგრამული პრიორიტეტები მხოლოდ ფურცელზე დარჩება და მისი შესრულება არ მოხდება.

„მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების პრობლემა იწყება მისი შემუშავებიდან, რადგან სამეურვეო საბჭოს არ შეუფასებია წინა წლებში მიღებული პრიორიტეტები – რა შესრულდა, რა არ შესრულდა, როგორ აფასებს ამ შესრულებას და ეს პრიორიტეტები არ ეფუძნება რაიმე კვლევას. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საბჭოს ცხრა წევრი დაჯდა და ეს პრიორიტეტები შეიმუშავა საკუთარი შთაბეჭდილებებიდან და მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე. როგორც წინა პრიორიტეტები დარჩა ფურცელზე და ვერავინ გავიგეთ, რა და როგორ შესრულდა, იგივე ხდება ახლაც“, – განაცხადა ძველიშვილმა.

როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ფუტკარაძემ განაცხადა, 2016 წლის დეკემბერში ჩატარებულმა კვლევამ გარკვეული როლი ითამაშა პროგრამული პრიორიტეტების მიმართულებით.

„2016 წლის დეკემბერში ჩავატარეთ ექსპერტული კვლევა. საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტები მოვიწვიეთ და ვთხოვეთ, შეეფასებინათ გარკვეული გადაცემები. ამ კვლევამ გარკვეული როლი ითამაშა, როდესაც პრიორიტეტების მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ“, – განაცხადა ირინა ფუტკარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი ინიციატივები სამეურვეო საბჭოს წერილობით უნდა მიაწოდონ. სამეურვეო საბჭო ამ ინიციატივებს განიხილავს და გადაწყვეტს, აისახოს თუ არა ეს წინადადებები დოკუმენტში.