საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალ გენერალურ დირექტორს დღეს აირჩევს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალ გენერალურ დირექტორს მეორე ტურში გადასული კანდიდატებიდან დღეს აირჩევს. კენჭისყრა 15:00 საათზე გაიმართება.
გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება სამეურვეო საბჭომ გუშინ გამართა. მისი პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ონლაინპლატფორმებზე განხორციელდა.
სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. ამასთან, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრების დასრულებისას განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.