საზოგადოებრივი მაუწყებელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგებს ეხმაურება
საზოგადოებრივი მაუწყებელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგებს ეხმაურება

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიზანსაც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა წარმოადგენს.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებისთვის აქტუალური თემის კვლევის გამოქვეყნებისას უმნიშვნელოვანესია, კარგად იყოს განმარტებული კვლევის/ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია და ინფორმაციის მოპოვების/დამუშავების გზა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა პრობლემური საკითხები და გაიცა რეკომენდაციები.

გარდა ამისა, საკვლევი ობიექტისგან ინფორმაციის მიღების მეთოდად მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა არ მიგვაჩნია რელევანტურად, რადგან ეს უკანასკნელი არ შეიცავს განმარტებებს, რაც თავისთავად არ იძლევა მიმდინარე პროცესების სწორად, კომპლექსურად და მთლიან კონტექსტში აღქმის საშუალებას.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი საკითხების ანალიზისას, ავტორებმა უნდა გამოიჩინონ მეტი პროფესიონალიზმი და საზოგადოებას არ შეუქმნან მცდარი აზრი მათივე დაფინანსებული ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ.

კვლევის ანგარიშში გამოთქმული უსაფუძვლო დასკვნები, ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, წარმოადგენს ბრალდებას და შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული.

სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ ცალკეული პირის მიერ, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმების ასეთი მტკივნეული აღქმა  გვაფიქრებინებს, რომ ისინი არ იცნობენ ევროპის ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლების საქმიანობის პრაქტიკას.

ვფიქრობთ, ყველა ინსტიტუტი, მედიის წარმომადგენელი და მედიის სფეროს განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა იყოს მეტი პასუხისმგებლობით და ინფორმირებულობით ჩართული პროცესში, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, თუმცა დასაბუთებული კვლევის საფუძველზე და მყარი არგუმენტებით, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, როგორც თავისუფალი, თუმცა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ინსტიტუციისთვის, ასევე იმ დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის, რომლის მატარებელიც არის ეს მედიაორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კვლევა დღეს გამოაქვეყნა.