„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა 15 ივლისამდე იქნება.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვადასთან დაკავშირებით კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდება.
ხუნდაძე ცვლილებებს ამ წუთებში მეორე მოსმენით წარადგენს.
შეგახსენებთ, პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით გუშინ უყარეს კენჭი.
პარლამენტმა ვადასთან დაკავშირებული გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.
კენჭისყრის შემდეგ, გუშინ კონსულტაციები გაიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან და მისი რეკომენდაციებიც განიხილეს.
დღეს კი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის შესწორებული ვერსია წარადგინეს და ცვლილებებს დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.