საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში აცხადებენ, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსეთში იმყოფებოდა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის დირექტორი ნანა ოდიშარია აცხადებს, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსეთში იმყოფებოდა.
როგორც ნანა ოდიშარიამ აღნიშნა, მამაკაცი საქართველოში რუსეთიდან ლარსის გამშვები პუნქტის გავლით 30 ივნისს შემოვიდა.
მისივე ინფორმაციით, მას ჩამოსვლისთანავე ჩაუტარდა ანტიგენ-ანტისხეულზე ჯვარედინი ტესტირება, შედეგი იყო უარყოფითი. მეორე ტესტირება ჩაუტარდა გორმედში 3 ივლისს და ისევ უარყოფითი იყო.
„6 ივლისს კი მას რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა „პისიარ“ კვლევა და პასუხი იყო დადებითი. ეპიდემიოლოგების მოთხოვნის შესაბამისად, მძღოლებს ყოველ 72 საათში უტარდებათ კვლევები კორონავირუსზე და სწორედ ამიტომ ჩაუტარდა ამ მამაკაცს სამი კვლევა. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფიცირებული პირი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ასევე მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი ჩვენს რეგიონში. ორივე მათგანი ანაკლიის საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. ინფორმაცია გადაცემულია შიდა ქართლის შესაბამის სამსახურებისთვის და ადგილზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა“, – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.