საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში გუშინ გამოვლენილი კოვიდინფიცირებულის 70-მდე კონტაქტია მოძიებული
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში გუშინ გამოვლენილი კოვიდინფიცირებულის 70-მდე კონტაქტია მოძიებული. ამასთან, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში, თითქმის პაციენტების 80 პროცენტში ვირუსი მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
,,დღეს ისევ კვლევები გავაგრძელეთ და კიდევ 11 კონტაქტირებული აღმოვაჩინეთ. საერთო ჯამში, მეხანძრესთან კონტაქტში მყოფთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ახლების ნიმუში დღეს იგზავნება ლაბორატორიაში და პასუხი გვიან ღამით ან ხვალ გვეცოდინება. თავად პაციენტი აბსოლუტურად უსიმპტომოა. ბოლო პერიოდში, თითქმის პაციენტების 80 პროცენტში ვირუსი ძალიან მსუბუქად ან აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამდენად, შესაძლებელია შიდა გადაცემებთან გვაქვს საქმე. ფაქტია, რომ ეპიდკვლევით ჯერჯერობით არაფერი არ არის გამოვლენილი, ხვალაც გავაგრძელებთ და ვნახოთ, რა შედეგამდე მივალთ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.
ფოთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს, შუახნის მამაკაცს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.