საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე და მიზნად ისახავენ თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.

თანამშრომლობის მემორანდუმის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები თანხმდებიან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე და მიზნად ისახავენ თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები:

აცხადებენ, რომ საქართველოს რელიგიური და ეროვნული მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა და არა დაპირისპირებისა და განხეთქილების საფუძველი;

მიიჩნევენ, რომ საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება საჭიროებს უფრო მასშტაბური ნაბიჯების გადადგმას საქართველოში ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის, უფლებების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს დამკვიდრების ხელშეწყობისთვის;

ითვალისწინებენ, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით გათვალისიწინებულ დებულებებს, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციას, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპულ ჩარჩო კონვენციას, საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“;

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები თანამშრომლობენ მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის („თ“ პუნქტი) რეალიზაციის მიზნით, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია „პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება“;

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობა ხორციელდება კონსულტაციების, დისკუსიების, შეხედულებათა და ინფორმაციის გაზიარების გზით;

თანამშრომლობის მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ეთნოსთაშორისი და რელიგიათშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის მედია სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლთა თანამშრომლობით.

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია წინამდებარე მემორანდუმისა და საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ეთნოსთაშორისი და რელიგიათშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის მედია სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

წინამდებარე მემორანდუმს და საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ეთნოსთაშორისი და რელიგიათშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის მედია სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას ხელმოწერით ადასტურებენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები“.

საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ეთნოსთაშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის მედია სტრატეგია იხილეთ ბმულზე.