საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მაუწყებლისა და აკადემიის თანამშრომლობით თანამედროვე მეცნიერული მიღწევების საზოგადოებისთვის ფართოდ წარმოჩენას, ცოდნისა და განათლების პოპულარიზაციას, ასევე სამეცნიერო-საინფორმაციო თანამშრომლობის გაღრმავებას.
მემორანდუმს ხელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მოეწერა, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და აკადემიის წევრებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ტელევიზიასა და აკადემიაში არსებული გამოწვევები განიხილეს.
„დიდი ხანია, ვმუშაობთ ამ მემორანდუმზე და დღევანდელი დღე იყო სწორედ კულმინაცია ხელმოწერის სახით. ჩვენთვის ნამდვილად უმნიშვნელოვანესია, რომ მეცნიერების ეროვნული აკადემია წარმოჩენილი იყოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე როგორც ინტელექტუალური რესურსი. ვეძებთ ფორმებს, როგორ გავაკეთოთ ეს. გვაქვს საშუალებები და ვფიქრობ, ამ შედეგსაც ძალიან მალე ვიხილავთ“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
როგორც აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა განაცხადა, მემორანდუმში ბევრი დეტალია გათვალისწინებული ტელევიზიისა და აკადემიის სამომავლო ურთიერთობის შესახებ.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვქონდა. უდიდესი სერიოზულობით შედგა მემორანდუმი, სადაც ჩვენი მომავალი ურთიერთობის ბევრი დეტალია გათვალისწინებული. ეს არის ამოცანა, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერების პოპულარიზაციას, ბრძოლას მეცნიერების სიკეთისთვის. უდიდეს პატივს ვცემ საზოგადოებრივ მაუწყებელს, თინათინ ბერძენიშვილს და ის მიმართულებები, რაც მას გააჩნია, გადაცემები უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანია. სერიოზულია, სოლიდურია და ამდენად, აკადემიური საზოგადოებისთვის სრულიად მისაღები“, – განაცხადა როინ მეტრეველმა.
ამასთან, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის განცხადებით, ამ დღეს აკადემიური საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.
„საჯაროდ გვინდოდა, გაგვეტანა ის ჩვენი ქმედება, რაც, სამწუხაროდ, არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის. გვინდა, ჩვენი სამსახური სწორად დაინახოს ქვეყანამ. ჩვენი ამოცანაა, გავაგებინოთ მოსახლეობას, ქვეყანას, რას ვაკეთებთ, რას წარმოვადგენთ და რა სარგებლობა შეგვიძლია, მოვუტანოთ ქვეყანას, რაშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იმედი გვაქვს“, – განაცხადა გიორგი კვესიტაძემ.