საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩეხეთის სენატისა და საელჩოს დელეგაცია სტუმრობდა
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაცია და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სენატის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირჟი რუჟიჩკა, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ვაცლავ ხალოუპეკი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი დავიდ სმოლიაკი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი მარეკ ჰილშერი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის მდივანი იტკა პილარჟოვა, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოდან ელჩი პეტრ მიკისკა და ელჩის მოადგილე იანა გაშპარიკოვა.
დელეგაციის წევრები საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო ქართულ მედიაში არსებულ სტანდარტებს, ასევე იმ პროექტებს, რომელთა განხორციელება ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კავშირს კიდევ უფრო გააღრმავებს.
„საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან. ვფიქრობთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის რაობა, როგორც ინსტიტუციის, მით უმეტეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და ამ გზაზე მიმავალი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ ქართულ მედიაზე, იმ სტანდარტზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ მთლიანობაში, მედია. ვისაუბრეთ ყალბი ამბების გამოწვევებზე, ზოგადად მსოფლიო გამოწვევებზე, რომელიც ყველგან პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ჩვენი მხრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორობა, რომელიც გვაქვს ევროპის მაუწყებელთა კავშირის მეშვეობით ყველა ჩვენს მსგავს ორგანიზაციასთან, კვლავაც გაგრძელდეს. ასევე ვისაუბრეთ, რა შეიძლება, კიდევ გაკეთდეს, რათა გაღრმავდეს ურთიერთობები ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. არის უამრავი საინტერესო პროექტი, რომელზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობ, რომ ამ ევროპულ გზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მნიშვნელობას, კიდევ არაერთხელ გაესმება ხაზი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ჩეხეთის პარლამენტის სენატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირჟი რუჟიჩკამ განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან ჩეხეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და ეცნობიან საქართველოში არსებულ სიტუაციას.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პირველი არხის ხელმძღვანელთან. ჩეხეთის დელეგაციაში ჩვენ მედიის კომიტეტიდან ვართ. იცით, რომ პირველი ივნისიდან ჩეხეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და გვაინტერესებს საქართველოში არსებული სიტუაცია. ვისაუბრეთ მედიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობაზე და პირველ რიგში, მედიის დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა ირჟი რუჟიჩკამ.