საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილ პირებს და პირობით მსჯავრდებულებს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფენ
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილ პირებს და პირობით მსჯავრდებულებს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფენ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სერვისების განვითარების სააგენტოში 30 ბენეფიციარი დასაქმდება. ბენეფიციარებს პირველ ეტაპზე გამოსაცდელი ვადით აიყვანენ, წარმატებულ თანამშრომლებს კი გრძელვადიანი კონტრაქტები გაუფორმდებათ. ბენეფიციარები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სამოქალაქო აქტების გაციფრულების პროცესში ჩაერთვებიან.
სამუშაოს სპეციფიკას ბენეფიციარები დღეს პირველად გაეცნენ. მათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თათია ხოჭოლავა შეხვდნენ.
ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ბენეფიციართა რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.