„საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრი სვიმონ ჯანგულაშვილი - ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, 26 მაისის და 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ
ძალიან მძიმე ამბავი იყო 26 მაისი, რადგან კიდევ რაღაც პროპაგანდისტული ახსნა თუ ჰქონდათ 7 ნოემბერს და მანამდე რასაც აკეთებდნენ, 26 მაისს ყველამ დავინახეთ, რომ ეს იყო სისხლიანი ძალა, – ამის შესახებ „საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, დირიჟორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა განაცხადა.
ჯანგულაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა და დარბევის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
ჯანგულაშვილმა ასევე ისაუბრა იმ ხელოვანების ნაწილზე, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ჯილდოები მიიღეს და დღეს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის ყოფნას აპროტესტებენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი ხელოვანების მხრიდან, ჯანგულაშვილი ფიქრობს, რომ კოლეგებმა, ვინც მაშინ იქ იყვნენ, არ იცოდნენ, იმ ღამით ადამიანები თუ დაიღუპნენ.
„მაინც მგონია, რომ ჩემმა კოლეგებმა, ვინც მაშინ იქ იყვნენ, უბრალოდ არ იცოდნენ, რომ ადამიანები დაიღუპნენ. მაშინ ვინც იქ მივიდა და ჯილდო მიიღო ან იცეკვა, იმღერა, მათ ამის გამო ბოლომდე ვერ გავაკრიტიკებდი, რადგან მაშინაც პროპაგანდის მსხვერპლი იყვნენ. მაგრამ დღეს, როდესაც ამდენი წელი გავიდა და ამდენი რამ გავიგეთ იმ ძალაზე, ზუსტად ვიცით, არათუ ეჭვები, დამტკიცებულია, რომ მოხდა დანაშაული – რის გამოც ზოგმა მოიხადა სასჯელი, ზოგმა არ მოიხადა და, ჩემი აზრით, ძალიან ლმობიერი სასჯელი იყო, – ამის შემდეგ ამ ძალის მხარდაჭერას ახსნა არ აქვს. ზოგიერთი ჩემი მეგობარი ძალიან მიყვარს და პირდაპირ მაინც ვერ ვიტყვი იმ მძაფრ აზრს, რაც მებადება გულში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი მწარედ ცდებიან“, – აღნიშნა ჯანგულაშვილმა.
ჯანგულაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შეიძლება, ვიღაცას ილუზია აქვს, ახლა მიტინგებზე მთელი ერია გამოსული, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის მთელი ერი, ქართველთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგია“.
„შეიძლება, ვიღაცას ილუზია აქვს, გუშინ რომ მიტინგი იყო, ახლა რომ მიტინგები იმართება, მთელი ერია გამოსული და ამით იმართლებენ ამ შეცდომას, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის მთელი ერი. ქართველთა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგია და ქართველთა უმრავლესობა ყოველთვის იქნება მკვლელების, ხალხის მწამებლების და 26 მაისის, 7 ნოემბრის მომწყობი ძალის წინააღმდეგ. მაშინ მთელი საქართველო შეცდა, უმრავლესობამ ხმა მისცა ამ ძალას და ყველას უნდოდა ცვლილებები. ვინც მაშინ ცდებოდა, კიდევ აქვს ამას ახსნა. როგორც მაშინ, რაც არ უნდა ჩაედინა სააკაშვილის თაობას, შევარდნაძის და მხედრიონის მობრუნება არავის უნდოდა, ზუსტად ასეა დღეს, ქართველთა უმრავლესობას არ სურს ამ სისხლისმსმელების მობრუნება. ის ახალგაზრდობა, რომელიც პროპაგანდით არის მოტყუებული ან რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ ამ ხელისუფლებას რუსეთისკენ მიჰყავს და ამას აპროტესტებს – არავის გვინდა რუსეთი. ჩვენ გვინდა რუსეთთან რაღაცნაირად ურთიერთობის დალაგება, რათა ომი არ დაიწყონ, არ დაგვბომბონ და არ გადაგვიარონ, მაგრამ არავის გვინდა, რომ ვიყოთ რუსეთის მონები. ის ახალგაზრდობა, რომელიც რუსთაველზეა, არ არის მთელი საქართველო. შეიძლება ყველაზე აქტიურია, ყველაზე გულწრფელიც, მაგრამ ეს არის ერთი მცირე ნაწილი, რაც კარგად უნდა ახსოვდეთ იმ მომღერლებს, მოცეკვავეებს, პოეტებს, მწერლებს და ვაი მწერლებს. სხვათა შორის, ვგულისხმობ ლაშა ბუღაძეს და იმ მთელ წრეს, როდესაც ასე ქედმაღლურად გველაპარაკებიან“, – განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.