„საზოგადოება ქართული“ - საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მაგალითია მსოფლიოს ხალხებისთვის, არ გვგონია, მცირერიცხოვანი ერისადმი უსამართლო მოპყრობამ რამე შესძინოს ამერიკას, ვნებით კი ავნებს
ჩვენ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თავისუფლება და თანასწორობაზე, მეგობრობაზე დამყარებული საერთაშორისო პარტნიორობა გვინდა. მთავრობებს ხალხი ირჩევს და ცვლის და არა – საელჩოები, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, თუ მეგობრობა გვინდა, – ამის შესახებ აღნიშნულია „საზოგადოება ქართულის“ განცხადებაში, რომლითაც აშშ-ის კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართავს.
როგორც „საზოგადოება ქართული“ წერს, კარგი იქნება, თუკი ამერიკის ელჩი და საელჩო საქართველოში ითანამშრომლებს საზოგადოებისა და კულტურის იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც, შესაძლოა, ელჩისა და აშშ-ის ხელისუფლების ამჟამინდელი ქართული პოლიტიკისაგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ. მათივე თქმით, მეგობრობა მხოლოდ სასურველი ფრაზების მოსმენა არაა. მეგობრობა დიალოგი და ურთიერთმსახურებაა, პარტნიორობაა, რომელიც სიკეთისა და ჰარმონიის, ალტრუიზმის პრინციპებზე დგას და რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.
„ჩვენ ასევე გვაშფოთებს საქართველოს ხელისუფლებების გარედან შეცვლისა და ქვეყნის საელჩოებიდან მართვის აშკარა და ღია მცდელობები დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. რუსული ოკუპაციური მმართველობა, 30 წელია, მოვიშორეთ. ჩვენ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თავისუფლება და თანასწორობაზე, მეგობრობაზე დამყარებული საერთაშორისო პარტნიორობა გვინდა. მთავრობებს ხალხი ირჩევს და ცვლის და არა – საელჩოები, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, თუ გვინდა მეგობრობა. კიდევ ერთი, თუ სტრატეგიული მოკავშირეები ვართ, რატომ არ არის ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები და რატომ არ დებენ ამერიკული კომპანიები ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში? ამ საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა ხომ არ იქნებოდა ნამდვილი „მეგობარი აქტი“ და არა – სანქციები და საგანმანათლებლო, სამედიცინო და თავდაცვის პროგრამების შეჩერება ქართველი ხალხისთვის?!
კარგი იქნება, თუკი ამერიკის ელჩი და საელჩო საქართველოში ითანამშრომლებს ჩვენთანაც – საზოგადოებისა და კულტურის იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც, შესაძლოა, ელჩისა და თქვენი ამჟამინდელი ქართული პოლიტიკისაგან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცით, ერთი მხრივ, რა სურს ეროვნული კულტურისა და სულიერების შენარჩუნებისათვის თავდადებული ქართველი ერის უმრავლესობას და, მეორე მხრივ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს დიალოგსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ მეგობრობას დიდ ამერიკულ სახელმწიფოსთან. მეგობრობა მხოლოდ სასურველი ფრაზების მოსმენა არაა. მეგობრობა დიალოგი და ურთიერთმსახურებაა, პარტნიორობაა, რომელიც სიკეთისა და ჰარმონიის, ალტრუიზმის პრინციპებზე დგას. მეგობრობას არ გააჩნია ალტერნატივა და ეს ჩვენმა დიდმა კლასიკოსმა, შოთა რუსთაველმა გვასწავლა და აქცია ქართული სულის კოდად.
ლეგენდის თანახმად, სოლომონ მეფის ბეჭედზე მეორე წარწერაც ყოფილა: „ესეც წარმავალია“. იმედია, რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება, მიმდინარე ვიწრო პოლიტიკური ინტერესები კი ისტორიას ჩაბარდება და, ამის კვალობაზე, ჩვენი ურთიერთობებიც სასიკეთოდ შეიცვლება. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა მაგალითია მსოფლიოს ხალხებისთვის და არ გვგონია, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისადმი უსამართლო მოპყრობამ რამე შესძინოს ამერიკას, ვნებით კი ავნებს, რადგანაც ამერიკული ძლევამოსილება სწორედ რომ თანასწორობასა და „ამერიკულ ოცნებაზე“ დგას და მისი სულის მოკვლით გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებთ მის ძლიერებას“, – წერია განცხადებაში.