„საზოგადოება და ბანკები“ - რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 102 ათასზე მეტ მომხმარებელს გაეზრდება
„საზოგადოება და ბანკები“ - რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 102 ათასზე მეტ მომხმარებელს გაეზრდება

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 102 700 მომხმარებელს გაეზარდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას გამოეხმაურა.

ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5 310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

პირველი აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4 400-ით, ხოლო, მთლიანი პორტფელი – 5 045 მილიონიდან 5 310 მილიონ ლარამდე.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ 102 700 ხელშეკრულებიდან 28 300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი – 667.12 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი სექტემბრის მდგომარეობთ 14.26 პროცენტი შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი სექტემბრის მონაცემებით 37 500 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.09 პროცენტში. მთლიანი პორტფელი კი – 1 690.60 მილიონი ლარია.

„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 33 100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2 696.20 მილიონი ლარია. აქედან, მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად, ბანკებმა 949.36 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.48 პროცენტში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი – პირველი სექტემბრის მონაცემებით, 1 746.82 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.73 პროცენტში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ, პირველი სექტემბრის მონაცემებით, 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12.881 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.36 პროცენტში გაასესხეს.

ასევე, გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 71.607 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები, პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.30 პროცენტია. მათ შორის, ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2 604 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.18 პროცენტიდან 11.28 პროცენტამდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკს შეეძლო,  დაეწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 24 ივლისის სხდომაზე, რაც შეამცირებდა ინფლაციაზე გაცვლითი კურსის ზეწოლას და აღარ იარსებებდა რიგგარეშე სხდომის ჩატარების საჭიროება. თუმცა, ეროვნული ბანკი 9 თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ ფასების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ისეთი ერთჯერადი ფაქტორით, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატება, რომელიც წლის ბოლოსთვის აღმოიფხვრებოდა და ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავდა.

„თუმცა ფაქტია, რომ ფულადი ნაკადების შემოდინების კლება (შემცირებაა როგორც ტურიზმის სექტორში, ასევე ინვესტიციების კუთხით) და უარყოფითი მოლოდინების არსებობა, საკმაოდ დიდი წნეხია ინფლაციაზე და იგი მნიშვნელოვნად აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს (აგვისტოში ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა, როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია). 2019 წლის პირველი  იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საშუალება შეუზღუდა, რადგან ეს ეკონომიკის კიდევ უფრო შენელებას გამოიწვევდა. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის ნაცვლად, მივიღეთ პოლიტიკის გამკაცრება, უმოკლეს ვადებში და ფაქტობრივად საგანგებო რეჟიმში“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ამასთან, „საზოგადოება და ბანკების“ შეფასებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, სავარაუდოდ, გამოიწვევს ინფლაციის დაახლოებას მიზნობრივ მაჩვენებელთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას და შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. ასევე, გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს ლარში გასაცემ და გაცემულ სესხებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვე კომენტარი