„საზოგადოება და ბანკები“ - რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე პროცენტი 73 652 მომხმარებელს შეუმცირდება
„საზოგადოება და ბანკები“ - რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე პროცენტი 73 652 მომხმარებელს შეუმცირდება

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 73 652 მომხმარებელს შეუმცირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს, რომელმაც ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.5 პროცენტამდე შეუმცირდათ.

„დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3,5 მილიარდი ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
73 652 ხელშეკრულებიდან 20 414 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი. 376.3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი თებერვლის მდგომარეობით 15.8 პროცენტი შეადგინა“,- აღნიშნავს „საზოგადოება და ბანკები“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი თებერვლის მონაცემებით 26 330 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.4 პროცენტში. მთლიანი პორტფელი კი,  1045.7 მილიონი ლარია.

„23 248 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხებზე. მთლიანი პორტფელი 1881.65 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 662.7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15 პროცენტში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი, პირველი თებერვლის მონაცემებით 1219 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 10.6 პროცენტში“, – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვაში.

ამასთან, ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. პირველი თებერვლის მონაცემებით 888 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15 893 ლარი ბანკებმა საშუალოდ 16.4 პროცენტში  გაასესხეს. 2 594 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხის  კონკრეტული მიზნობრიობა კი, უცნობია. ასეთი სესხების მთლიანი მოცულობა 54.2 მილიონი ლარია.

„საზოგადოება და ბანკები“ აღნიშნავს, რომ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები პირველი თებერვლის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 31.29 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1543.6 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.9 პროცენტიდან 11.5 პროცენტამდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკების“ შეფასებით, ინფლაციის დაბალი დონის, გაცვლითი კურსის მეტ-ნაკლებად სტაბილურობისა და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდის ტენდენციის პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი იყო. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3 პროცენტი) ჩამოუვარდება. 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ექსპორტის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  13.2 პროცენტით გაიზარდა და 505 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ახალი საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე, შენელებულია საბანკო აქტივობა, შემცირებულია როგორც სესხები, ასევე დეპოზიტები და აქტივები. 2019 წლის იანვარში შენელდა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელის ზრდის ტემპიც და 0.9 პროცენტი შეადგინა, ანალოგიური მაჩვენებელი 2018 წელს 3.5 პროცენტი იყო (წლიური საშუალო მაჩვენებელი კი 5 პროცენტს აღემატებოდა).

„სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მოლოდინი გააჩინა, შესაბამისად მარეგულირებელს მოუწია მონეტარული პოლიტიკის შერბილება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მომავალში მიზანშეწონილია რეფინანსირების განაკვეთის კვლავ შემცირება, რათა საბანკო სექტორის აქტივობა არ შენელდეს და მოსახლეობას ფინანსებზე წვდომა გაეზარდოს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.