„საზოგადოება და ბანკები“ - რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე 102 700 მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთი ერთი პროცენტით გაეზრდება
სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა; ლარიზაციის პოლიტიკის შეფერხება; ეკონომიკური აქტივობის შენელება; ლარის რესურსის გაძვირება და კიდევ უფრო შეზღუდული წვდომა ფინანსებზე – ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ შეფასებით, ეს რეფინანსირების განაკვეთის 8.5 პროცენტამდე ზრდის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებია.
ამასთან, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას მოსალოდნელი დადებითი შედეგიც აქვს: ინფლაციაზე წნეხის შემცირება (ერთი ან ორი კვარტლის პერიოდში) და ლარის კურსზე წნეხის შემცირება.
„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5 310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 102 700 ხელშეკრულებიდან 28 300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი, 667.12 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი სექტემბრის მდგომარეობთ 14.26 პროცენტი შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი სექტემბრის მონაცემებით 37 500 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.09 პროცენტში. მთლიანი პორტფელი კი, 1 690.60 მილიონი ლარია.
33 100 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. ასევე გაცემულია 2 800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები პირველი სექტემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.30 პროცენტს შეადგენს. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, უკვე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ზრდა დიდ ტვირთად დააწვება როგორც მომხმარებელს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში ორჯერ გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ჯამში 1 პროცენტით.
„რეფინანსირების ასეთი მაღალი ნიშნული არ დაფიქსირებულა 2008 წლის შემდეგ, როდესაც რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა ახლახანს გამოიყენა მის ხელთ არსებული კიდევ ერთი ინსტრუმენტი და 17 ოქტომბრიდან შეამცირა უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5 პროცენტით, რითაც გაზარდა ბაზარზე დოლარის მიწოდება“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.