„საზოგადოება და ბანკები“ - ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“ ფინანსური პირამიდების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. დაზარალდა დაახლოებით 4000 ადამიანი.
კვლევის მიხედვით, კომპანია „საქართველომ“ 2343 მოქალაქე დააზარალა და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი. კომპანია MFX broker Georgia 111 ადამიანი დააზარალა და გაიფლანგა 4.2 მილიონი ლარი. ასევე, კომპანია „ევროკრედიტის“, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს.
კვლევაში გამოიკვეთა ის ნიშნები, რაც ახასიათებს საქართველიში მოქმედ თაღლითურ კომპანიებს. პირველი – აქტიური სარეკლამო მარკეტინგები და საბაზრო მაღალი სარგებელი. მეორე – დამალული ბიზნესმოდელი. მესამე – საწევრო მცირე შენატანი და გამდიდრების მომხიბვლელი შანსი.
ორგანიზაციამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა. ესენია: საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და პირამიდული ბიზნესის კრიმინალიზება; მოსახლეობის აქტიური ინფორმირება საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით საფრთხეების შესახებ; სარისკო კომპანიების გამოვლენა და ზედამხედველობა; ბაზრის მუდმივი მონიტორინგი.
პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლობისთვის ორგანიზაციის ოფისში გაიმართა.