„საზოგადოება და ბანკები“ - 123 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება
„საზოგადოება და ბანკები“ - 123 300 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2020 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 123 300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8 პროცენტიან დონეზე დარჩა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6845.7 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„პირველი ოქტომბრიდან პირველი ნოემბრამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 400-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 6686.7 მილიონიდან 6845.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 123 300 ხელშეკრულებიდან 35500 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 922.2 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობთ 13.11 პროცენტი შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით 51100 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.55%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2385.4 მილიონი ლარია. 32 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ოქტომბერთან შედარებით 1200-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 3300 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1107.4 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.00%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი პირველი ნოემბრის მონაცემებით 2193.7 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.14%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 18.9 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 13.25%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 3100 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 97.9 მილიონი ლარია. 1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 14.67%, ხოლო ყველაზე დაბალი – იპოთეკურ სესხებზეა – 11.42%. 1 ნოემბრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 15.31%-დან 14.67% -მდე ხოლო, გაზრდილია ავტო სესხზე – 12.97%-დან 13.25%-მდე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება წინა პერიოდებში გამოვლენილი ფრთხილი მიდგომის გაგრძელებაა, რაც მომდევნო წლის გაუარესებული პროგნოზების გამოძახილია.

„მიუხედავად იმისა, რომ მომავალ წელსაც შენარჩუნებული სუსტი ერთობლივი მოთხოვნის ფონზე თეორიულად ფასებზე ინფლაციური ზეწოლა შერბილებული უნდა იყოს, მზარდი ფისკალური და სოციალური ხარჯები ამ ეფექტს ანეიტრალებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების არგუმენტად ასევე მოყვანილია დოლარიზაციის მაღალი დონე, რაც ეკონომიკაზე მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტს საგრძნობლად ამცირებს. შესაბამისად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების ხანგრძლივობა შესაძლოა გაიზარდოს მომავალში ფორმირებული მოლოდინებისა და ერთობლივი მოთხოვნის გათვალისწინებით. მიმდინარე შეზღუდვები ერთობლივ მოთხოვნაზე და მიწოდებაზე (წარმოების ხარჯების ზრდა) ნეგატიურად მოქმედებს, რაც გაურკვევლობას საგრძნობლად ზრდის. შესაბამისად, 2021 წელს მზარდი რისკების გამო, ამჯერად ნაკლები არგუმენტებია მონეტარული პოლიტიკის შერბილების სასარგებლოდ“, – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში პროგნოზირებენ, 2021 წელს ტურისტული სექტორი კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება, რაც ვალუტის შემოდინებაზე უარყოფითად აისახება და გაცვლითი კურსის გაუფასურებით ინფლაციური ზეწოლის შექმნის დამატებით რისკს აჩენს.

„სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან 886 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო ლიკვიდობისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თუმცა არსებული ფუნდამენტური ფაქტორებიდან და უარყოფითი მოლოდინებიდან გამომდინარე ლარის გაცვლითი კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურებული რჩება“, – ნაქვამია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.