საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული გ.გ. და 1993 წელს დაბადებული კ.ს, ასევე, თურქეთის ერთი მოქალაქე – 1977 წელს დაბადებული ი.ფ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თურქეთის მოქალაქე ჰ.გ.-ის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის – სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას შეეცადნენ“, – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.