საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრაზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე იმსჯელეს
საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილეს.
პანელის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოს მიღწევებს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია წარმოადგენს გარდამტეხ მიღწევას საქართველოსთვის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ხათუნა თოთლაძის განცხადებით, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს წარმოადგენს.
შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წარმატებული ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის იმპლემენტაციის გზაზე და უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასევე ასახულია 2022 წლის ევროკომისიის ანგარიშში.
სიტყვით გამოსვლისას, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს როლი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მიზნით და ისაუბრა ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. მისი განცხადებით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების უსაფრთხოებისა და სანდოობის გაზრდის კუთხით. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მიგრაციის თანამედროვე ტენდენციებისა და მათზე რეაგირების შესაძლო გზების კვლევის მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა მიგრაციის ევროპულ ქსელში, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას მიიღოს მიგრაციის მართვის საუკეთესო ევროპული გამოცდილება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიმოიხილა ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებული გამოწვევები და მათ საპასუხოდ სამინისტროს მიერ შემუშავებული მექანიზმები. მან ხაზგასმით აღნიშნა ამ განსაკუთრებული მონაპოვარის შენარჩუნებისა და სათანადოდ შესრულების საჭიროება, რისთვისაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას შეიმუშავოს და განავითაროს საპასუხო ზომები ისეთი გამოწვევების მიმართ, რომელიც არსებობს საზღვრის მართვის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, რეადმისიის შეთანხმებების ეფექტიანი განხორციელების, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფის, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები: რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაცია, ცირკულარული მიგრაციის განვითარების პერსპექტივები და სხვა.
საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა 2023 წლის 23-27 იანვარს იმართება და მასში მონაწილეობას იღებს 68 საკონსულო თანამდებობის პირი მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.