საზღვაო სივრცეში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი უფლებებით ისარგებლებს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA) ახალი კონფიგურაციის მომსახურების შემუშავებას იწყებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც შავი და კასპიის ზღვის რეგიონების, ასევე საზღვაო უსაფრთხოებისა და გემების დაბინძურების პრევენციის პროექტის (SAFEMED IV) მეორე ფაზაზე გადასვლისთვის თავისი მზადყოფნა დაადასტურეს.
გადაწყვეტილება „ხმელთაშუა ზღვისა და მიმდებარე საზღვაო რაიონების გემების მონიტორინგის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის“ (MAREΣ) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მე-16 შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული.
„შავი და კასპიის ზღვის რეგიონების ავტომატური საიდენტიფიკაციო მონაცემების ურთიერთგაცვლის და SAFEMED IV საპილოტე პროექტები ევროპული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში საზღვაო გარემოს უშიშროების, უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით, ერთიანი და ეფექტური მოქმედების უზრუნველსაყოფად ხორციელდება“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, ამ პროექტებში მეორე ფაზაზე გადასვლით, საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ევროპული სტანდარტით შესრულებას შეძლებს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს სანაპირო ზოლი სრულიად კონტროლდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ხმელთაშუა ზღვის რეგიონულ AIS-სერვერს ონლაინრეჟიმში აწვდის მონაცემებს საქართველოს პასუხისმგებლობის არეალში გემების მოძრაობის შესახებ, პროექტის მეორე ფაზაში კი, თანაბარი უფლებებისა და პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით, ხმელთაშუა ზღვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან AIS-მონაცემების გაცვლით ისარგებლებს.