საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის თარიღი და ბაღების ჩამონათვალი 18 მაისს გახდება ცნობილი
საზაფხულო ბაღებში ბავშვების ჩარიცხვისთვის რეგისტრაციის თარიღი და ბაღების ჩამონათვალი ხვალ, 18 მაისს გახდება ცნობილი. მსურველები რეგისტრაციის გავლას ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge შეძლებენ.
საზაფხულო ბაღში ჩაირიცხებიან 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, მათ შორის ისინიც, ვინც არ არიან საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები. რეგისტრაცია თავისუფალი ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. ჯამში, საზაფხულო ბაღებში 13 000 აღსაზრდელის მიღება იქნება შესაძლებელი.
თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წელი 29 ივნისს დასრულდება, თუმცა, ივლისის განმავლობაში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს.
„საზაფხულო ბაღები წარმოადგენს თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივ სოციალურ პროექტს. მისი მიზანია, რომ ოჯახებს, რომლებიც ივლისის თვეში ვერ გადიან ქალაქგარეთ, მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით,“ – განმარტავს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.