„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის რეგულაციების ამოქმედებას ითხოვს
„საყდრისის დაცვის კომიტეტი“ ანანურის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის რეგულაციების ამოქმედებას ითხოვს, კერძოდ, მოხდეს კომპლექსის ტერიტორიაზე სპეციალური მინიშნებების მონტაჟი, ასევე გალავანზე ტურისტებისთვის დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები.
„საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრების თქმით, ანანურის სამონასტრო კომპლექსის გალავანი დაზიანებულია და იშლება.
ანანურის სამონასტრო კომპლექსი „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურ ინსპექციასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს დაათვალიერეს.
როგორც კომიტეტში აცხადებენ, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორინგი არ გამკაცრდა, ტურისტების და ადგილობრივი დამთვალიერებლის ნაკადი, რომელიც გალავანზე უმისამართოდ დადის, კედლებს მთლიანად ჩამოშლის. მათივე თქმით, ტერიტორიაზე არ არის მინიშნებები, გიდები ტურისტებს არ უკრძალავენ გალავანზე ფოტოების გადაღებას და ასვლას, რაც კედელს აზიანებს, არ არის ჯებირები, რაც საფრთხეს წარმოადგენს დამთვალიერებლისთვის.
ადგილობრივი ხელისუფლება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ჩაინიშნება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც გენერალური ინსპექცია, სხვადასხვა ორგანიზაცია, ადგილობრივი ხელისუფლება და გიდები დაესწრებიან, რათა იმსჯელონ და უახლოეს დღეებში სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე რეგულაციები გაამკაცრონ. მათივე ინფორმაციით, აგვისტოს ბოლომდე დაგეგმილია სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.