სახალხო დამცველი - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მოჩვენებითი წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და სინამდვილეში ძალიან მყიფეა
სახალხო დამცველი - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მოჩვენებითი წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და სინამდვილეში ძალიან მყიფეა

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მიუთითებს, რომ არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს დაწესებულებების არაფორმალური მმართველობა, რაც ხშირად განაპირობებს პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრას, – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კრიმინალური სუბკულტურის გავლენით, პატიმრები არაფორმალურად დაიყოფიან და შედეგად, პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილებიან.

„პატიმართა ნაწილის განცხადებით, მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში არიან ადმინისტრაციასთან დაახლოებული მსჯავრდებულები, რომელთაც გარკვეული სახის გავლენები აქვთ სხვა პატიმრებზე და საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაცია მათ პატიმრებთან „ურთიერთობების მოსაგვარებლად“ (შიმშილობის საჩივრების დაწერის შემთხვევებში, სხვა ფორმით უკმაყოფილების გამოხატვის ან კონფლიქტური სიტუაციების დროს) იყენებს. მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. „საერთოს“, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან; ვინც არ დაემორჩილება მათ მოთხოვნებს, იმათ სოციუმიდან რიყავენ და სხვა კორპუსში გადაჰყავთ, პატიმრებს ართმევენ ოჯახის მიერ გამოგზავნილ ტანსაცმელს. ე.წ „ციხის მაყურებლები“ სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პატიმრის დახმარებით აკონტროლებენ პატიმრების ბარათებზე დარიცხულ თანხებს. ამისთვის აქვთ სპეციალური ჟურნალები, სადაც მითითებულია პატიმრის სახელი და გვარი, ბარათის შემოწმების დრო და ბარათზე დარიცხული თანხის ოდენობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის ფარგლებში მონახულებულ დაწესებულებებში, განსაკუთრებით კი ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, წესრიგს ძირითადად „არაფორმალური მმართველები“ უზრუნველყოფენ.

„დაწესებულებებში არსებული მოჩვენებითი წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და სინამდვილეში ძალიან მყიფეა, რამაც გრძელვადიან, ან თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, უაღრესად დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს პატიმართა სიცოცხლე და უსაფრთხოება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ წლების მიხედვით, არაფორმალური მმართველობის გავლენის გაძლიერებასთან ერთად, კლებულობს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებიდან სახალხო დამცველის სახელზე გამოგზავნილი განცხადებების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური სუბკულტურის დასაძლევად, ღონისძიებები პატიმრების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის პირობებში გატარდეს და გამოირიცხოს ძალადობრივი და რეპრესიული მეთოდების გამოყენება“, – აღნიშნულია ანგარიშში.