საწვავზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა
საწვავზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა

საწვავზე ფასების ზრდის საწინააღმდეგო დღევანდელი აქცია რესპუბლიკის მოედანზე დასრულდა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ახლა კონკრეტული ქმედებების განხორციელებაა საჭირო. შეკრებილებმა აქციზის გაუქმება მოითხოვეს, რაც მათი თქმით, საწვავზე ფასების კლებას გამოიწვევს.

მანამდე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა, შემდეგ კი გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 20 პირი. მათივე განმარტებით, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედებათ ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ამასთან, ცნობილი იყო, რომ საინიციატივო ჯგუფს ხვალ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრა უნდა გაემართა, თუმცა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, პროტესტის მონაწილეების დაკავების გამო, ხვალინდელი შეხვედრა სავარაუდოდ აღარ გაიმართება.