საწარმო „გურია ექსპრესის“ ადმინისტრაციამ თანამშრომელთა გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
ოზურგეთში, ფქვილის გადამამუშავებელი საწარმო, „გურია ექსპრესის“ ადმინისტრაციამ თანამშრომელთა გაფიცვის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
აღნიშნულ ინფორმაციას კომპანიის იურისტი, აკაკი თოიძე ადასტურებს.
„გურია ექსპრესის“ თანამშრომლები 21-ე დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელფასების მომატებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
გაფიცული თანამშრომლების მტკიცებით, კომპანიის ადმინისტრაციამ საწარმოში დასაქმების მიზნით, სხვა ქვეყნის მოქალაქეები მიიყვანა, რასაც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლი ირაკლი მხეიძე. მისი განცხადებით, სამართლებრივი დავის შემთხვევაში ისინი გაფიცულებს იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენენ.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.