Save the Children - „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ქვეყნების ერთ მეოთხედში განათლების სისტემა კოლაფსის ზღვარზეა
Save the Children - „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ქვეყნების ერთ მეოთხედში განათლების სისტემა კოლაფსის ზღვარზეა

საერთაშორისო ორგანიზაციის, Save the Children-ის ცნობით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ქვეყნების ერთ მეოთხედში განათლების სისტემა კოლაფსის ზღვარზეა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, განსაკუთრებით რთული ვითარებაა აფრიკის რეგიონში.

კვლევის მიხედვით, პანდემიის პერიოდში სკოლაში 1,5 მილიარდი ბავშვი არ დადიოდა, რომელთა ერთ მესამედს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა, რის გამოც დისტანციურადაც ვერ სწვალობდნენ.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ახლა მსოფლიო პანდემიასთან ერთად სხვა კრიზისების წინაშეც დგას. მათ შორისაა უკიდურესი სიღარიბე, კლიმატიც ცვლილებები. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ კრიზისების ერთობლიობა აჩენს საფრთხეს, რომ განათლების გარეშე „მთელი თაობა“ დარჩება.

კვლევაში ჩამოთვლილია რვა ქვეყანა, სადაც განათლების სისტემა უკიდურესი საფრთხის წინაშეა. მათ შორის არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიგერია, სომალი და ავღანეთი.

ანგარიშის ავტორებმა აღნიშნული დასკვნა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით გამოიტანეს. მათ შორის არის ცალკეულ ქვეყნებში აცრილი ადამიანების რაოდენობა, კლიმატის ცვლილებების კუთხით არსებული რისკები, ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა და სასკოლო ასაკის ბავშვების ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ანგარიშში დასახელებულია კიდევ 40 სახელმწიფო, რომელთა განათლების სისტემას ასევე ემუქრება საფრთხე. მათ შორის მოხვდა იემენი, ბურკინა-ფასო, ინდოეთი, ფილიპინები და ბანგლადეში.